ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროცესები დარჩეს კანონისა და კონსტიტუციის ჭრილში, - განუცხადა „ქრონიკას“ სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა.
„მინდა მოვუწოდო აქციის ყველა მონაწილეს, რომ არ გასცდნენ გამოხატვის თავისუფლებას, არ გადავიდნენ ძალადობრივ ქმედებებზე და ამავე დროს, მოვუწოდებ პოლიციას მაქსიმალურად დაიცვას ყველა მოქალაქის უფლება. ასევე, უზრუნველყოს მათი შეკრების თავისუფლება. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი.
ძალიან სამწუხარო პროცესებს ვადევნებთ თვალყურს. ამიტომ, ეს პროპორციულობა უნდა იყოს დაცული როგორც აქციის მონაწილეების მხრიდან, ისე საპოლიციო ძალების მხრიდან“, - აღნიშნა ლევან იოსელიანმა.
მისივე თქმით, არცერთი ძალადობრივი აქცია არ არის დემოკრატიული.
„არც ჯებირის დანგრევა და რა თქმა უნდა, არც ეზოში შეჭრა, მაგრამ ამავე დროს მნიშვნელოვანია, რომ ის ადამიანები, რომლებიც ქუჩაში მშვიდობიანად დგანან და საკუთარ აზრს გამოხატავენ, მათი გამოხატვის თავისუფლება დაცული იყოს“, - განაცხადა ლევან იოსელიანმა.