მთელ რუსეთში შექმნილი ბენზინის დეფიციტი, რომელიც უკრაინული დრონების თავდასხმებითაა გამოწვეული, უკრაინაში მიმდინარე ომს რუსული საზოგადოებისა და დიდი ქალაქებისთვის თვალსაჩინოს ხდის. ამ განცხადებას ეკონომიკის ექსპერტი, რაივო ვარე აკეთებს.

„ბოლო კვირებში, უკრაინამ რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებსა და საექსპორტო ტერმინალებზე დრონებით თავდასხმები გააძლიერა“, - იტყობინება საინფორმაციო სააგენტო „როიტერი“.

„საწვავის დეფიციტი და ბენზინის მიწოდების შეფერხებები, უკვე თვეზე მეტია, რუსეთის 10-ზე მეტ რეგიონში შეიმჩნევა“, - წერს გაზეთი „იზვესტია“, საწვავის მწარმოებელთა კავშირის ინფორმაციაზე დაყრდნობით.

ვარეს თქმით, ბენზინის კრიზისი რუსეთში იმედგაცრუებას იწვევს.

„მთავარი ეფექტი ისაა, რომ ეს ომს რუსულ საზოგადოებაში, განსაკუთრებით კი დიდ ქალაქებში, თვალსაჩინოს ხდის. ბოლო დრომდე, უკრაინის ომი, ფაქტობრივად, „უხილავი“ იყო. ეს პრობლემას წარმოადგენდა. ახლა კი ის ხილულია - რიგები ჩანს, ბენზინის დეფიციტი ჩანს“, - განუცხადა მან კვირას გადაცემა „Ukraina stuudio“-ს.

როგორც ვარე ამბობს, რუსეთს დაახლოებით 38 ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა აქვს, რომელთაგან 16-ს უკრაინამ ბოლო ორი თვის განმავლობაში დაარტყა.

თითოეული ობიექტი მიმდებარე ტერიტორიას, სავარაუდოდ, 400-დან 500 კილომეტრამდე რადიუსში ამარაგებს. თუმცა, ახლა მომუშავე ქარხნები იმ ქარხნების კომპენსაციას ახდენენ, რომლებიც დაზიანდა.

„ამ რუკიდან ჩანს, რომ შორეულ აღმოსავლეთში, სავარაუდოდ, პრობლემა არ არის. ოღონდ, არა იმიტომ, რომ იქაური ქარხანა სრული დატვირთვით მუშაობს, არამედ იმიტომ, რომ მისი პროდუქციის ნაწილი სადღაც ცენტრალურ რეგიონში გადააქვთ, რადგან [რუსეთის] ევროპულ ნაწილში მდებარე ქარხნებმა ყველაზე მეტი ზიანი მიიღეს“, - განმარტავს ვარე.

ექსპერტის თქმით, დარტყმების გავლენის გასაგებად, ისინი ორ კატეგორიად უნდა დაიყოს: თავდასხმები ნავთობგადამამუშავებელ სიმძლავრეებზე და დარტყმები ნავთობის შესანახ და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაზე.

„ნავთობსადენებსა და სატუმბ სადგურებზე დარტყმები ძალიან მტკივნეულია. რუსეთის შიდა მიწოდების დიდი ნაწილი მილსადენებით ხორციელდება და თუ საკვანძო სადგურებს დაარტყამენ, მაშინ, ბუნებრივია, ეს საგრძნობი ზარალია. თუმცა, ყველაზე მტკივნეული გადამამუშავებელი აღჭურვილობის განადგურებაა, რადგან ძალიან ხშირად ამ ობიექტების ტექნოლოგია უცხოური წარმოშობისაა“, - განაგრძობს ექსპერტი.

ვარეს არ სჯერა, რომ ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმები რუსეთის საომარ მანქანას შეაჩერებს, რადგან ეკონომიკურ ზრდას თავდაცვის ინდუსტრია განაპირობებს.

„დღეის მდგომარეობით, თავდაცვის ინდუსტრია კვლავ სრული დატვირთვით მუშაობს. ისინი ყველა ძირითად შეიარაღებას, ომამდელ დონესთან შედარებით, გაცილებით მეტს, 180-დან 260 პროცენტით მეტს აწარმოებენ“. - აღნიშნა მან.

ვარემ ასევე აღიარა, რომ რუსები ადაპტირდნენ და, შესაძლოა, კიდევ რამდენიმე წელი დასჭირდეს იმას, სანამ სამოქალაქო მოხმარების პროდუქციის მნიშვნელოვნად შემცირებამ რეალურად იჩინოს თავი.