რუსეთის მთავრობამ ქვეყანაში ინფლაციის წლიური პროგნოზი მნიშვნელოვნად გაზარდა. ეკონომიკური განვითარების სამინისტროს განახლებული შეფასებით, 2026 წელს სამომხმარებლო ფასების ზრდა 6.8%-ს მიაღწევს, მაშინ როდესაც თავდაპირველი პროგნოზი 5.2% იყო,- ინფორმაციას The Bell ავრცელებს.

ახალი პროგნოზის მიხედვით, ინფლაცია გასული წლის მაჩვენებელთან შედარებითაც დაჩქარდება. 2025 წელს რუსეთში სამომხმარებლო ფასები 5.6%-ით გაიზარდა, ხოლო რუსეთის სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, აგვისტოში წლიურმა ინფლაციამ 6.34% შეადგინა.

ფასების ზრდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წყარო საწვავია. იანვარ-აგვისტოში რუსეთში ავტოგასამართ სადგურებზე ბენზინის ფასი 20%-ზე მეტით გაიზარდა.

2025 წლის აგვისტოსთან შედარებით კი ბენზინის საშუალო ღირებულება 25.9%-ით არის გაზრდილი. ეს 2008 წლის აგვისტოს შემდეგ ყველაზე მაღალი წლიური ზრდაა.

გაძვირება მხოლოდ საწვავს არ ეხება. საკვებ პროდუქტებს შორის განსაკუთრებით სწრაფად გაიზარდა ე.წ. „ბორშჩის ნაკრების“ ძირითადი კომპონენტების ფასი. წლიური მონაცემებით, კომბოსტო 38%-ით, ჭარხალი და ხახვი 32%-ით, კარტოფილი 30%-ით, ხოლო სტაფილო 20%-ით გაძვირდა.

ამასთან, 1 ოქტომბრიდან რუსეთში კომუნალური მომსახურების ტარიფების მნიშვნელოვანი ზრდაა დაგეგმილი. ქვეყნის მასშტაბით საშუალო მატება 17%-ს შეადგენს, ცალკეულ რეგიონებში კი ტარიფები 20%-ით ან მეტით გაიზრდება.

მოსალოდნელი ზრდა კომუნალურ გადასახადებზე ბოლო 17 წლის განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი იქნება და ინფლაციურ წნეხს დამატებით გაზრდის.