საქართველოსა და აზერბაიჯანის შავი ზღვის გავლით რუმინეთთან და უნგრეთთან დამაკავშირებელი წყალქვეშა ენერგოკაბელის პროექტის პირველი ხაზის ექსპლუატაციაში გაშვება 2032 წლისთვის იგეგმება, ხოლო 2040 წლისთვის სისტემა სრულ, 3.9 გიგავატიან სიმძლავრეზე უნდა გავიდეს. პროექტის საინვესტიციო ღირებულება 22 მილიარდ დოლარს შეადგენს.

როგორც Trend.az წერს, ამის შესახებ „მწვანე ენერგიის დერეფნის“ ერთობლივი საწარმოს (GECO) აღმასრულებელმა დირექტორმა იუსიფ გაიბოვმა ბუქარესტში, მე-15 ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე განაცხადა.

პროექტი მაღალი ძაბვის მუდმივი დენის (HVDC) ტექნოლოგიის წყალქვეშა კაბელის მშენებლობას ითვალისწინებს. სისტემა სამი, თითოეული 1.3 გიგავატი სიმძლავრის ხაზისგან შედგება, რომელთა ჯამური გამტარუნარიანობა 3.9 გიგავატს მიაღწევს.

გაიბოვის შეფასებით, კასპიისა და შავი ზღვის რეგიონები წყალქვეშა ენერგეტიკული და საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვან რეგიონულ ცენტრად ყალიბდება. მისი თქმით, პროექტის წარმატებით განხორციელებისთვის აუცილებელია ფინანსური რესურსების მობილიზება, მონაწილე ქვეყნებში მარეგულირებელი ჩარჩოების ჰარმონიზაცია, მიწოდების ჯაჭვების გამართული მუშაობა და კაბელის უსაფრთხოების უზრუნველყოფა ჯერ კიდევ პროექტირების ეტაპზე.

ბუქარესტში დაფუძნებულ GECO-ს ოთხივე მონაწილე ქვეყნის ენერგოსისტემის ოპერატორი თანაბარი წილით ფლობს. კერძოდ, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“, აზერბაიჯანული „აზერენერჯი“, რუმინული Transelectrica და უნგრული MVM კომპანიაში 25-25%-იან წილებს ფლობენ.

შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი ევროპის გადამცემი სისტემის ოპერატორთა ქსელის (ENTSO-E) 2026 წლის ათწლიან განვითარების გეგმაშიც არის შეტანილი, 1248 და 1244 ნომრებით.

შეგახსენებთ, რომ პროექტთან დაკავშირებით ოთხ ქვეყანას შორის სტრატეგიულ შეთანხმებას ხელი 2022 წლის 17 დეკემბერს, ევროკომისიის ჩართულობით მოეწერა. პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების კვლევის შედეგები კი ბაქოში მიმდინარე წლის 22 ოქტომბერს წარადგინეს.