თბილისის მერიის მიერ აღმაშენებლის გამზირის ნაწილის რეაბილიტაციაზე გამოცხადებული ტენდერი არ შედგა.

შესყიდვა ჩუღურეთის რაიონში, თამარ მეფის გამზირიდან სანქტ-პეტერბურგის ქუჩამდე მონაკვეთის რეაბილიტაციისთვის 13 აგვისტოს გამოცხადდა. ტენდერის სავარაუდო ღირებულება 6.7 მილიონი ლარი იყო, თუმცა 3 სექტემბერს წინადადებების მიღების ვადის ამოწურვის შემდეგ შესყიდვა არ შედგა.

პროექტი დაზიანებული ქვაფენილის ახალი ასფალტის საფარით ჩანაცვლებას, ტროტუარების, სანიაღვრე სისტემისა და გზასთან არსებული მიერთებების მოწესრიგებას ითვალისწინებს.

ასევე დაგეგმილია ეზოებში შესასვლელების რეაბილიტაცია, ნარჩენების კონტეინერებისთვის სპეციალური სივრცეების მოწყობა და ახალი საგზაო ნიშნებისა და მონიშვნის გაკეთება.