ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და სომხეთმა კონსულტაციები დაიწყეს ახალი სტრატეგიული პროექტის, „Trump Route for International Peace and Prosperity“ (TRIPP) განხორციელების შესახებ.

ამასთან, დაგეგმილია ერთობლივი კონსორციუმის შექმნა, რომელიც შეიმუშავებს, განახორციელებს და მომავალში თავადვე წარმართავს პროექტის ოპერირებას.

ინიციატივა, რომელსაც პრეზიდენტი ტრამპი მხარს უჭერს, მიზნად ისახავს სამხრეთ კავკასიაში სატრანზიტო კავშირების გაძლიერებას და კონკრეტულად, სომხეთის ტერიტორიის გავლით აზერბაიჯანის მთავარი ნაწილის ნახიჩევანთან დაკავშირებას. თავად პროექტი „ზანგეზურის კორიდორის“ სახელით არის ცნობილი და მის გარშემო უკვე არაერთი პოლიტიკური დისკუსია მიმდინარეობს, რადგან სომხეთის ხელმძღვანელობა ხაზგასმით აცხადებს, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილება შეთანხმებული უნდა იყოს ერევანთან, წინააღმდეგ შემთხვევაში, საკითხი სუვერენიტეტის დარღვევად ჩაითვლება.

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა აღნიშნა, რომ მოლაპარაკებები უკვე ტექნიკურ ფაზაში გადავიდა და ამერიკელი ექსპერტები სომეხ კოლეგებთან ერთად, ამზადებენ ინფრასტრუქტურული პროექტის რეალიზაციის გეგმას. მისი თქმით, რამდენიმე თვეში შეიძლება დასრულდეს მზადების პროცესი და მშენებლობის ეტაპიც კი დაიწყოს.

პროექტი მხოლოდ რკინიგზას არ ეხება. მისი ფარგლები შესაძლოა მნიშვნელოვნად გაფართოვდეს ენერგეტიკული და ციფრული ინფრასტრუქტურაც, მათ შორის: მილსადენები, ელექტროენერგიის ტრანსპორტირების ქსელები, ოპტიკური კაბელები და სხვა აუცილებელი კომუნიკაციები.

bm.ge