განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტებს მოუწოდებს, ფრთხილად იყვნენ იმ შეთავაზებების მიმართ, რომლებიც სოციალურ ქსელებსა და ელექტრონულ პლატფორმებზე არაავტორიზებულ სასწავლებლებში ჩარიცხვას ეხება.
ცენტრის ინფორმაციით, ვრცელდება განცხადებები „ევროპის საერთაშორისო უნივერსიტეტში“ და საქართველოში მოქმედ სხვა არაავტორიზებულ დაწესებულებებში ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე ჩარიცხვის შესაძლებლობის შესახებ.
ცენტრი განმარტავს, რომ „ევროპის საერთაშორისო უნივერსიტეტს“ საქართველოს კანონმდებლობით არ აქვს გავლილი ავტორიზაციისა და აკრედიტაციის პროცედურები და, შესაბამისად, საქართველოში საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების უფლება არ აქვს.
უწყების განცხადებით, ასევე არ არის აღიარებული საქართველოს ტერიტორიიდან უკრაინისა და სომხეთის უნივერსიტეტებში სრულად დისტანციური სწავლების შედეგად მიღებული განათლება და გაცემული დიპლომები.
ცენტრი აღნიშნავს, რომ საქართველოში ავტორიზებულ უნივერსიტეტებში სტუდენტების ჩარიცხვა ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე ხდება.
ამჟამად საქართველოში ავტორიზებულია 58 უნივერსიტეტი, 1 კოლეჯი და 6 მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება.