საბერძნეთის მთავრობის გეგმა, რომელიც მიზნად ისახავს არასრულწლოვნების დაცვას ინტერნეტის საფრთხეებისგან, ითვალისწინებს 15 წლამდე ბავშვებისთვის სოციალურ მედიაზე წვდომის შეზღუდვას და 18 წლამდე პირებისთვის ონლაინ ფსონების, ასევე პორნოგრაფიის, თამბაქოსა და ალკოჰოლის ვებსაიტების დაბლოკვას. ამაში გადამწყვეტი როლი დაეკისრება აპლიკაცია „ბავშვის საფულეს“ (Kids Wallet), რომელსაც ასაკის გადამოწმების ფუნქცია ეკისრება და არასრულწლოვნის ტელეფონში აუცილებლად უნდა იყოს დაინსტალირებული. აპლიკაცია ოქტომბრის ბოლოსთვის იქნება მზად.

საბერძნეთის ციფრული მმართველობის მინისტრი, დიმიტრის პაპასტერგიუ პროექტის რეალიზების გეგმას მომავალ ხუთშაბათს ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტ ჰენა ვირკუნენს წარუდგენს. ეროვნული აპლიკაციების საშუალებით ასაკის გადამოწმების ევროპული მოდელის გამოცდას სულ ხუთი ქვეყანა (საფრანგეთი, ესპანეთი, საბერძნეთი, დანია და იტალია) აპირებს.

დაცვა „ციფრული სრულწლოვანების“ გზით

ევროკომისია მიესალმა საბერძნეთის წინადადებებს ერთიანი „ციფრული სრულწლოვანების ასაკის“ შესახებ და თავის მხრივ, „მინი-საფულის“ საპილოტე დანერგვა დაანონსა. 2024 წლის 30 დეკემბერს საბერძნეთი გახდა ევროკავშირის პირველი წევრი სახელმწიფო, რომელმაც არასრულწლოვანთა დაცვის ჰოლისტიკური ეროვნული სტრატეგია წარმოადგინა. საბერძნეთის მთავრობის სპიკერმა, პავლოს მარინაკისმა აღნიშნა, რომ ქვეყანა გააგრძელებს ევროპულ დონეზე ზომების მიღებას მშობელთა კონტროლის სისტემის (parco.gov.gr) და აპლიკაცია Kids Wallet-ის საშუალებით, რომელიც 2025 წლის მაისიდან ფუნქციონირებს და მოიცავს: დოკუმენტების ციფრულ შენახვას, მშობელთა კონტროლს და ასაკის დადასტურების ინფრასტრუქტურას.

ევროპული ორგანიზაცია INSAFE-ის კვლევის თანახმად, 8-დან 12 წლამდე ბავშვების 84-მა პროცენტმა უკვე შექმნა თავისი პროფილი სოციალურ მედიაში. საბერძნეთში 10 ბავშვიდან 6 ყოველდღიურად იყენებს სოციალურ მედიას. „სამწუხაროდ, სოციალური ქსელების ვალდებულება, დაუშვან სოციალური ქსელების გამოყენება მხოლოდ უფროსი ასაკის ბავშვებისთვის, არ სრულდება. ამიტომ, მთავრობებმა მკაცრი ზომები უნდა მიიღონ“, - ამბობს საბერძნეთის ინტერნეტ უსაფრთხოების ცენტრის ხელმძღვანელი, გეორგიუს კორმასი.

წყარო: 1 არხი