საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის განცხადებით, სოციალურ ქსელში ვრცელდება მორიგი დეზინფორმაცია, თითქოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიოს დავალებით, „ქაშუეთის ტაძრის მღვდელს ეკლესიის გაღების გამო შენიშვნა მისცეს“.

საპატრიარქო ამტკიცებს, რომ ეს ინფორმაცია არის მტკნარი სიცრუე და ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ საზოგადოების ორად გახლეჩას, შუღლის გაღვივებას და ეკლესიის დისკრედიტაციას.

საპატრიარქოს განმარტავს, რომ ქაშუეთის ტაძარი ღიაა თითოეული ადამიანისთვის, სადაც იმყოფებიან სასულიერო პირები და, საჭიროების შემთხვევაში, მოქალაქეებს ნებისმიერ დროს დაეხმარებიან.

„სამწუხაროდ, ეს არ არის პირველი შემთხვევა. გვერდი „მსოფლიო საეკლესიო სიახლენი“ წარსულშიც მრავალგზის უზიარებდა საზოგადოებას მსგავს ცრუ ინფორმაციას, ამ გვერდის მესვეურნი განსაკუთრებით გაწაფულნი არიან საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირების, მათ შორის, მიტროპოლიტ შიოს შესახებ ცილისწამების გავრცელებაში.

კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ამჟამად ქაშუეთის ტაძარი, ისევე როგორც 29 და 30 ნოემბერს, ღიაა თითოეული ადამიანისთვის, იქ იმყოფებიან სასულიერო პირები და საჭიროების შემთხვევაში ნებისმიერ დროს დაეხმარებიან მოქალაქეებს.

მოგიწოდებთ, არ აჰყვეთ მსგავს პროვოკაციებს, შეინარჩუნოთ სიმშვიდე და კეთილგონიერება.

უფალმა დაიფაროს მშვიდობით ჩვენი ქვეყანა!“,-აღნიშნულია საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, მესამე დღეა, საქართველოს პარლამენტთან ევროინტეგრაციის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს. დემონსტრანტები აპროტესტებს მთავრობის გადაწყვეტილებას, 2028 წლის ბოლომდე მოხსნან დღის წესრიგიდან საქართველოს ევროკავშირში გაწევრებაზე მოლაპარაკებების დაწყება.  

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 29-30 ნოემბრის საპროტესტო აქციის დროს, სამართალდამცველთა მიერ პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის 107 პირია დაკავებული. ანუ უწყებამ ერთ ღამეში 107 ადამიანი დააკავა. მათივე ინფორმაციით, დაშავებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს 10 თანამშრომელი. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 29 ნოემბრის აქციიდან სამედიცინო დაწესებულებებში 40 პირი გადაიყვანეს.  

რამდენიმე ადამიანი დააკავეს აქციის მესამე დღესაც. სპეცრაზმმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ რამდენჯერმე გამოიყენა წყლის ჭავლი და ე.წ. გაზის კაფსულები. მოქალაქეები პიროტექნიკის გამოყენებით ცდილობდნენ, თავი დაეცვათ ძალოვნების შემოტევისგან. ამ დრომდე ჭავჭავაძის გამზირზე აქციის მონაწილეებს გადაკეტილი აქვთ გზები და ამტკიცებენ, რომ უწყვეტი პროტესტი გაგრძელდება.

მიმდინარე პროცესებისგან დისტანცირებისა და პროტესტის ნიშნად სამსახურები დატოვეს: ეროვნული ბანკის ასეულობით თანამშრომელმათბილისის მერიის თანამშრომლების ნაწილმა, იუსტიციის სახლის ათეულობით და საგარეო საქმეთა სამინისტროს ასეულობით თანამშრომელმა, საჯარო რეესტრის ასეულობით თანამშრომელმა, პროსახელისუფლებო მედიის რამდენიმე ჟურნალისტმა. "ქართული ოცნების" ანტიდასავლურ პოლიტიკას გაემიჯნა სემეკისა და პარლამენტის თანამშრომლების ნაწილი. პოსტები დატოვეს და "ქართული ოცნების" ანტიევროპულ პოლიტიკას გაემიჯნენ ქართველი დიპლომატები, ელჩებისაქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცედურების შეწყვეტას გაემიჯნენ სოციალური მუშაკებიც. ძალადობა დაგმეს და ევროინტეგრაციის გზაზე მოქალაქეებს თანადგომა გამოუცხადეს მსხვილმა კომერციულმა ბანკებმაც.

საქართველოს ევროპული გზიდან გადახვევა და რუსეთის წიაღში დაბრუნება კატეგორიულად მიუღებელია ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანამშრომლებისთვისაც. იგივე პოზიცია აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალსაც, რომლებიც საჯარო განცხადებით გამოეხმაურნენ მიმდინარე მოვლენებს და გაემიჯნენ "კონსტიტუციისა და ევროკავშირში ინტეგრაციის კურსის ღალატის ნებისმიერ მცდელობას". ამავე შინაარსის განცხადებებს ავრცელებენ და ევროკავშირთან მოლაპარაკების შეწყვეტას გმობენ სხვადასხვა საჯარო თუ კერძო ორგანიზაციები.

ძალადობა დაგმო და ქართველ ხალხს თანადგომა გამოუცხადა სპორტსმენების ნაწილმა. პროტესტის ნიშნად დაიხურა რამდენიმე რესტორანი. გაკვეთილის ჩატარებაზე უარი თქვა რამდენიმე პედაგოგმა. 

ხელისუფლების გადაწყვეტილება დაგმო სხვადასხვა დარგობრივმა ბიზნესგაერთიანებებმა და ასოციაციებმა.

სპექტაკლები გააუქმეს ან გადადეს თეატრებმა.

პრეზიდენტ ზურაბიშვილის შეფასებით, მასობრივი პროტესტი ეროვნულ დაუმორჩილებლობაში იზრდება

საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა შეაჩერა აშშ-მა.