კვლევის თანახმად, ძაღლებს ადამიანების მსგავსად შეუძლიათ საგნების კონცეპტუალური კატეგორიზება მათი გამოყენების ფუნქციის მიხედვით. ჟურნალ Current Biology-ში გამოქვეყნებულმა ნაშრომმა აჩვენა, რომ „სიტყვების შემსწავლელი“ Gifted Word Learner (GWL) ძაღლები წარმატებით არჩევენ გასაწევ და გასატყორცნ სათამაშოებს, მიუხედავად იმისა, რომ ამ საგნებს არანაირი ფიზიკური მსგავსება არ გააჩნიათ.
ბუდაპეშტის ეოტვოს ლორანდის უნივერსიტეტის მკვლევარმა კლაუდია ფუგაცამ დაადგინა, რომ GWL ძაღლები ახერხებენ ერთი და იმავე სიტყვიერი იარლიყის მისადაგებას იმ საგნებისთვის, რომლებსაც იდენტური ფუნქცია აქვთ. მკვლევარი მარტივ პარალელს ავლებს ადამიანების აზროვნებასთან – როგორც ჩვენ ვუწოდებთ ჩაქუჩს, როგორც ტრადიციულ ინსტრუმენტს, ასევე მის ფუნქციურად მსგავს საგანს (მაგალითად, ქვას), მიუხედავად მათი ფიზიკური განსხვავებისა.
კვლევის მიხედვით, ქვა და ჩაქუჩი ვიზუალურად სრულიად განსხვავებულია, თუმცა მათი გამოყენების ფუნქცია იდენტურია. კვლევამ აჩვენა, რომ ძაღლები სწორედ ამ კოგნიტურ უნარს ფლობენ.
კვლევა ჩატარდა ძაღლების ბუნებრივ საცხოვრებელ გარემოში, მათ პატრონებთან ერთად. ექსპერიმენტის პირველ ფაზაში, ძაღლები ეცნობოდნენ ორ ფუნქციურ კატეგორიას – „გაწევა“ და „გატყორცნა“. პატრონები იყენებდნენ ამ სიტყვიერ იარლიყებს კონკრეტულ სათამაშოებთან მიმართებაში და შესაბამისი აქტივობებით თამაშობდნენ ძაღლებთან, მიუხედავად იმისა, რომ სათამაშოებს არ ჰქონდათ ვიზუალური მსგავსება.
ექსპერიმენტის მეორე ეტაპზე მოხდა ძაღლების ტესტირება, რათა დაედგინათ, შეძლეს თუ არა მათ ფუნქციური თვალსაზრისით დაკავშირება სათამაშოების სწორ ჯგუფთან. შემდეგ ეტაპზე ძაღლები ახალ სათამაშოებთან თამაშობდნენ ორივე კატეგორიიდან, თუმცა ამჯერად პატრონები აღარ იყენებდნენ „გაწევისა“ და „გატყორცნის“ სიტყვიერ აღნიშვნებს.
კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ ძაღლებმა შეძლეს ადრე ნასწავლი ფუნქციური იარლიყების გავრცელება ახალ სათამაშოებზე, მხოლოდ მათთან თამაშის გამოცდილებიდან გამომდინარე. საბოლოო ტესტში, ძაღლებმა აჩვენეს, რომ მათ წარმატებით შეუძლიათ სიტყვიერი მითითებების შესაბამისად ობიექტების გაწევა ან გატყორცნა, მაშინაც კი, როდესაც პატრონებს ეს სათამაშოები არ დაუსახელებიათ.
ძაღლები ირჩევდნენ სათამაშოს იმის მიხედვით, თუ რომელი თამაშისთვის იყო ის გამოყენებული, მიუხედავად იმისა, რომ კონკრეტული სახელი არასდროს გაუგონიათ. მნიშვნელოვანია, რომ ექსპერიმენტი ჩატარდა ბუნებრივ გარემოში, სპეციალური ტრენინგის გარეშე – მხოლოდ ერთი კვირის განმავლობაში პატრონების მიერ ჩვეულებრივი თამაშით.
მკვლევრები აღნიშნავენ, რომ ძაღლების უნარი, დააკავშირონ სიტყვიერი აღნიშვნები ობიექტების ფუნქციურ კატეგორიებთან და არა მათ ფიზიკურ მახასიათებლებთან, მიუთითებს, რომ მათ შეუძლიათ შექმნან საგნების მენტალური რეპრეზენტაცია გამოცდილებაზე დაყრდნობით. ეს აღმოჩენა მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ენობრივი უნარების ევოლუციის და მათი კავშირის შესწავლაში სხვა კოგნიტურ პროცესებთან, მათ შორის მეხსიერებასთან.
სამომავლო კვლევებისთვის მეცნიერები გეგმავენ შეისწავლონ, აქვთ თუ არა იმ ძაღლებს, რომლებიც არ სწავლობენ ობიექტების სახელებს, ფუნქციურად ობიექტების კლასიფიცირების უნარი.
მკვლევრის დაკვირვებით, ძაღლები არა მხოლოდ სწრაფად ითვისებენ ობიექტის სახელებს, არამედ დიდხანს იმახსოვრებენ მათ გამეორების გარეშეც. იარლიყების გავრცელების უნარი აღქმითი მსგავსების მიღმაც კი მიანიშნებს, რამდენად ფართო და მრავალფეროვანი შეიძლება იყოს ძაღლების ენობრივი აღქმის შესაძლებლობები.
წყარო: Sciencedaily marketer.ge