აქციის მონაწილეებმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაინაცვლეს. გადაკეტილი აქვთ გზები.
აქციის მონაწილე მოქალაქეები და ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ამტკიცებენ უწყვეტი პროტესტი გაგრძელდება.
სპეცრაზმმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ რამდენჯერმე გამოიყენა წყლის ჭავლი და ე.წ. გაზის კაფსულები. აქციაზე რამდენიმე ადამიანი დააკავეს.
მოქალაქეები პიროტექნიკის გამოყენებით ცდილობდნენ, თავი დაეცვათ ძალოვნების შემოტევისგან.
თბილისში, რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციაზე განვითარებულ მოვლენებს საქართველოს პრეზიდენტი გამოეხმაურა.
როგორც სალომე ზურაბიშვილმა სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა, "არალეგიტიმური ხელისუფლება მიმართავს უკანონო საშუალებებს", რათა გააჩუმოს ქართველები.
"მორიგი ძალადობრივი ღამე თბილისში. არალეგიტიმური ხელისუფლება მიმართავს უკანონო საშუალებებს, რათა გააჩუმოს ქართველები, რომლებიც მტკიცედ დგანან თავიანთი კონსტიტუციური, ევროპული არჩევანისთვის", - წერს პრეზიდენტი X-ზე.
შეგახსენებთ, მესამე დღეა, საქართველოს პარლამენტთან ევროინტეგრაციის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს. დემონსტრანტები აპროტესტებს მთავრობის გადაწყვეტილებას, 2028 წლის ბოლომდე მოხსნან დღის წესრიგიდან საქართველოს ევროკავშირში გაწევრებაზე მოლაპარაკებების დაწყება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 29-30 ნოემბრის საპროტესტო აქციის დროს, სამართალდამცველთა მიერ პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის 107 პირია დაკავებული. ანუ უწყებამ ერთ ღამეში 107 ადამიანი დააკავა. მათივე ინფორმაციით, დაშავებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს 10 თანამშრომელი. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 29 ნოემბრის აქციიდან სამედიცინო დაწესებულებებში 40 პირი გადაიყვანეს.
მიმდინარე პროცესებისგან დისტანცირებისა და პროტესტის ნიშნად სამსახურები დატოვეს: ეროვნული ბანკის ასეულობით თანამშრომელმა, თბილისის მერიის თანამშრომლების ნაწილმა, იუსტიციის სახლის ათეულობით და საგარეო საქმეთა სამინისტროს ასეულობით თანამშრომელმა, პროსახელისუფლებო მედიის რამდენიმე ჟურნალისტმა. "ქართული ოცნების" ანტიდასავლურ პოლიტიკას გაემიჯნა სემეკისა და პარლამენტის თანამშრომლების ნაწილი. პოსტები დატოვეს და "ქართული ოცნების" ანტიევროპულ პოლიტიკას გაემიჯნენ ქართველი დიპლომატები, ელჩები. საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცედურების შეწყვეტას გაემიჯნენ სოციალური მუშაკებიც.
ძალადობა დაგმო და ქართველ ხალხს თანადგომა გამოუცხადა სპორტსმენების ნაწილმა. პროტესტის ნიშნად დაიხურა რამდენიმე რესტორანი. გაკვეთილის ჩატარებაზე უარი თქვა რამდენიმე პედაგოგმა.
ხელისუფლების გადაწყვეტილება დაგმო სხვადასხვა დარგობრივმა ბიზნესგაერთიანებებმა და ასოციაციებმა.
სპექტაკლები გააუქმეს ან გადადეს თეატრებმა.
პრეზიდენტ ზურაბიოშვილის შეფასებით, მასობრივი პროტესტი ეროვნულ დაუმორჩილებლობაში იზრდება.