24 სექტემბერს რუსეთის ფინანსთა სამინისტრო დამატებითი ღირებულების გადასახადის (დღგ) 20%-დან 22%-მდე გაზრდის ინიციატივით გამოვიდა იმ ფონზე, როცა უკრაინასთან ომის გამო რუსეთის მთავრობა ფედერალური ბიუჯეტის დეფიციტის გაკონტროლების პრობლემის წინაშე დგას.
სამინისტროს მიხედვით, რუსეთის მთავრობისთვის წარდგენილი საბიუჯეტო კანონპროექტი "ძირითადად თავდაცვისა და უსაფრთხოების საჭიროებების დაფინანსებას" ემსახურება.
აღნიშნული კანონპროექტით, "სოციალურად მნიშვნელოვან პროდუქციაზე," როგორიცაა საკვები, მედიკამენტები და საბავშვო პროდუქტები, დღგ 10%-ზე შენარჩუნდება.
ამასთან, შეთავაზებული ცვლილებები გულისხმობს ახალ გადასახადებს ბუკმეკერებზე, მათ შორის 25%-იან კორპორაციულ საშემოსავლო გადასახადსა და მიღებული ფსონების 5%-ს.
გასულ კვირას გამოცემა Reuters წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ რუსეთის მთავრობა დამატებითი ღირებულების გადასახადის (დღგ) გაზრდას განიხილავს ბიუჯეტის დეფიციტის გაკონტროლებისა და რეზერვების შენარჩუნების მიზნით მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა საჯაროდ დადო პირობა გადასახადების არ გაზრდის შესახებ.
Reuters-ის ცნობით, საბიუჯეტო კანონპროექტის პარლამენტში წარდგენა 29 სექტემბერსაა მოსალოდნელი. გამოცემა წერს, რომ კანონპროექტის ძირითადი ნაწილები მანამდე პუტინთან იქნება შეთანხმებული და ნაკლებად სავარაუდოა, რომ ფორმალური საპარლამენტო დებატების განმავლობაში მათი შეცვლა მოხდეს.
ერთ-ერთმა წყარომ Reuters-ს უთხრა, რომ გადასახადების გაზრდა 2026 წლის ბიუჯეტისთვის განიხილება, თუმცა, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი ძალაში დარჩება საბიუჯეტო წესი, რომელიც ნავთობიდან მიღებული ზედმეტი შემოსავლების შენახვას გულისხმობს.
მიმდინარე წელს რუსეთმა საშემოსავლო და კორპორაციული გადასახადები გაზარდა, მაგრამ მაისში რუსეთის მთავრობას მაინც მოუწია ბიუჯეტის დეფიციტთან დაკავშირებით პროგნოზის გასამმაგება - რაც მთლიან შიდა პროდუქტთან (მშპ) მიმართებით 1.7% გახდა. თუმცა, სამთავრობო მედიიდან წყარო ამბობს, რომ ბიუჯეტის რეალური დეფიციტი განახლებულ პროგნოზსაც გადააჭარბებს.
Reuters-ის გამოთვლებით, 2024 წელს ფედერალურ ბიუჯეტში შემოსავლების 37% დღგ-ზე მოდიოდა და მისმა შესაძლო გაზრდამ 2026 წლისთვის პროგნოზირებული ბიუჯეტის დეფიციტი შესაძლოა, გაანახევროს, თუმცა, გამოცემა წერს, რომ რეალური მაჩვენებელი, დიდი ალბათობით, ამ შემთხვევაშიც გადააჭარბებს პროგნოზირებულ დეფიციტს.