„ძალიან ბევრი ყურძენი იწარმოება ქვეყანაში, არ გვაქვს ამის საჭიროება,“ - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ ფერმერთა ასოციაციის სერტიფიცირების სპეციალისტმა ილია კუნჭულიამ განაცხადა. მისივე თქმით, სახელმწიფო ყურძნის ფასის სუბსიდირების პროგრამიდან თანდათან უნდა გამოვიდეს.
„1 ლარი რომ ღირს ყურძენი, ფერმერები მოგებას ვერ ნახულობენ, რადგან წარმოების ხარჯებს მიუახლოვდნენ. კარგი იქნება, სუბსიდირებისთვის გამოყოფილი ფული სხვა რამეზე დაიხარჯოს და ორიენტირებული ვიყოთ არა ყურძნის რაოდენობაზე, არამედ დამატებითი ღირებულების გაზრდაზე.
სუბსიდირების პროგრამები ქმნიან არასწორ სტიმულებს. მაგალითად, ყურძნის სუბსიდირების პროგრამის გამო, ძალიან ბევრი ვენახი გაშენდა. ქვეყანაში გვაქვს ყურძნის ჭარბი წარმოება, ძალიან ბევრი ყურძენი იწარმოება და არ გვაქვს ამის საჭიროება.
ამას მოწმობს ისიც, რომ სულ ახლახან სახელმწიფო ღვინის კომპანიამ, რომელიც ამ ღვინის მარაგებს ფლობს, 100 მილიონი ლარის ღვინო ჩამოწერა და მესამედი ფასი დაადო, რომ იქნებ როგორმე გაყიდოს. იმდენად ჭარბია წარმოება, რომ ფიზიკურად ჭურჭელი არ არის საკმარი, რომ ამდენი ღვინის და ყურძნის დაბინავება იყოს შესაძლებელი,“ - განაცხადა ილია კუნჭულიამ.