პოლონური მედია იმ წინადადებებს აქვეყნებს, რომლებსაც აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს უკრაინაში ომის დასასრულებლად წარუდგენს.

პოლონური მედიის, „ონეტის“ ცნობით, მოსკოვი საკმაოდ ხელსაყრელ წინადადებებს მიიღებს. წყაროს ცნობით, ეს შეთავაზება შეთანხმებულია ევროპელ ლიდერებთანაც.

მათ ინფორმაციით, ესენია: უკრაინაში დროებითი ზავი და არა მშვიდობა, რუსეთის მიერ ოკუპირებული უკრაინული ტერიტორიების საკითხის 49 ან 99 წლით გადადება, რუსეთისთვის დაწესებული სანქციების უმეტესობის გაუქმება და გრძელვადიან პერიოდში მოსკოვთან ენერგეტიკულ სფეროში თანამშრომლობის აღდგენა.

ამასთან, პოლონური მედია წერს, რომ წინადადებების პაკეტი არ მოიცავს გარანტიებს, რომ ნატო მომავალში არ გაფართოვდება, რასაც მოსკოვი, დიდი ხანია, ითხოვს. ასევე, რუსეთს არ დაჰპირდებიან, რომ უკრაინის სამხედრო მხარდაჭერა შეწყდება.

გავრცელებული ცნობებით, ეს ბოლო პუნქტი რუსეთისთვის მისაღებია.

ცნობისთვის, 7 აგვისტოს კრემლში განაცხადეს, რომ უახლოეს დღეებში გაიმართება რუსეთისა და აშშ-ის ლიდერების შეხვედრა. მანამდე დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ არსებობს მისი, ვლადიმერ პუტინისა და უკრაინის პრეზიდენტის შეხვედრის შესაძლებლობა.

1tv.ge