2030 წლისთვის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების კურსდამთავრებულთა დასაქმების მაჩვენებლის 80%-მდე გაზრდაა დაგეგმილი, შესაბამისი მიზანი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების ერთიანი ეროვნული სტრატეგიის ფარგლებში განისაზღვრა.
საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცდა „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების ერთიანი ეროვნული სტრატეგია 2022-2030-ის“ 2026-2027 წლების სამოქმედო გეგმა, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აწერს ხელს.
დოკუმენტის მიხედვით, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ერთ-ერთ მთავარ მიზანს სტუდენტების პიროვნული განვითარება და შრომითი ბაზრისთვის მათი მომზადება წარმოადგენს. აღნიშნული მიმართულების საბოლოო ინდიკატორად კი კურსდამთავრებულთა დასაქმების მაჩვენებლის ზრდაა განსაზღვრული.
გეგმის თანახმად, ასევე უნდა გაიზარდოს იმ საგანმანათლებლო პროგრამების წილი, რომლებიც სტუდენტებს სამეწარმეო უნარებსა და კომპეტენციებს უვითარებს. აღნიშნული მაჩვენებელი 2027 წლისთვის 50%-მდე, ხოლო 2030 წლისთვის 80%-მდე უნდა გაიზარდოს.
ცვლილებები უმაღლესი განათლების რეფორმის ფარგლებში დაგეგმილ სხვა ღონისძიებებსაც უკავშირდება. მთავრობის გადაწყვეტილებით, სახელმწიფო უნივერსიტეტებში ყოველწლიურად მისაღები სტუდენტების რაოდენობა შრომის ბაზრის ანალიზის საფუძველზე განისაზღვრება.
რეფორმის ავტორების განმარტებით, აღნიშნული გადაწყვეტილების ერთ-ერთი მიზეზი უნივერსიტეტების კურსდამთავრებულთა კვალიფიკაციასა და შრომის ბაზრის მოთხოვნებს შორის არსებული როგორც თვისებრივი, ისე რაოდენობრივი შეუსაბამობაა.