ნიკოლ ფაშინიანი ვაშინგტონში დონალდ ტრამპსა და ილჰამ ალიევს შეხვდება, - ამის შესახებ ინფორმაციას სომხური მედია ქვეყნის პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით ავრცელებს. სომხეთის პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის ცნობით, პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ვაშინგტონს 7-8 აგვისტოს ეწვევა.
„ვაშინგტონში, პრემიერ-მინისტრი ფაშინიანი ორმხრივ შეხვედრას გამართავს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან, სომხეთ-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის გაძლიერების საკითხზე“, - ნათქვამია სომხეთის პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის განცხადებაში.
სომხეთის პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის განცხადებით, ნიკოლ ფაშინიანი აშშ-ისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებთან, დონალდ ტრამპთან და ილჰამ ალიევთან ერთად სამმხრივ შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას, რომლის მიზანი „რეგიონში მშვიდობის, კეთილდღეობისა და ეკონომიკური თანამშრომლობის ხელშეწყობაა“.