„სამწუხაროდ, ფარმაცევტულ სფეროსთან დაკავშირებით, ყველაზე ხშირად გამოითქმის საყვედურები, კონკურენციის ნაკლებობასა და ფასების ხელოვნურად ზრდაზე. ხშირ შემთხვევაში, ეს აბსოლუტურად არგუმენტირებულია.
ბოლო პერიოდში, ამ მიმართულებით ვითარების გასაუმჯობესებლად, ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა. მსგავსი ანალიტიკური დოკუმენტები კი იძლევა სიგნალს, რომ მუშაობა გასაგრძელებელია, რათა პაციენტებმა სამართლიანი ფასით ისარგებლონ. ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ, კონკურენციის სააგენტოს მიერ, ოთხი ფარმაცევტული კომპანიის 560 000 ლარით დაჯარიმებასთან დაკავშირებით.
საქმე ეხება ჯანდაცვის სამინისტროს მიერ, 2023 წლის დეკემბერში გასაჯაროებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, ფარმაცევტული კომპანიები, მედიკამენტების რეალიზაციას, იმპორტის ფასთან შედარებით, 1000%, 2000% და 3000%-იანი ფასნამატით ახდენდნენ. კონკურენციის სააგენტომ, მოკვლევით დაადასტურა, ოთხი კომპანიის მხრიდან, დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენების ფაქტი, რაც გამოიხატა მედიკამენტებზე, არასამართლიანი და მომხმარებლისთვის ზიანის მომტანი ფასების დაწესებით.
„მანკიერებები, რომლებიც ამ შესწავლამ გამოავლინა მათ შორის, ფასნამატში, ამ კატეგორიის ხარჯების შეყვანა, აბსოლუტურად მიუღებელია“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
ჯანდაცვის მინისტრმა იმ პროცესებზეც ისაუბრა, რის გამოც უწყებამ კონკურენციის სააგენტოს მიმართა. როგორც მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, არსებობდა აბსოლუტურად არგუმენტირებული, კარგად დასაბუთებული ვარაუდი, რომ კონკრეტულ შემთხვევებში, შესაძლოა, ადგილი ჰქონოდა მსგავს მანკიერებებს.
მინისტრის განცხადებით, ფარმაცევტულ პროდუქტებზე ფასების კონტროლის მიზნით, მუშაობა მომავალშიც გაგრძელდება.
„ეს ნიშნავს, მათ შორის რეფერენტული ფასების კიდევ უფრო მეტად გაძლიერებას, შესაძლოა, გაფართოებაზეც ვისაუბროთ და ა.შ. მნიშვნელოვანია, კარგად გვესმოდეს, რომ სამწუხაროდ, არის პრაქტიკები, რომელიც აბსოლუტურად მიუღებელია სახელმწიფოსთვის და ეს პოზიცია მომავალშიც შენარჩუნებული იქნება.
სადაც აღმოჩნდება მსგავსი ვითარება, როდესაც წავაწყდებით და საამისოდ საკმარისი არგუმენტები იქნება, ბუნებრივია, ყოველთვის მივმართავთ სამართალდამცავ სტრუქტურებს, ან სტრუქტურებს, რომლებსაც სამართალდარღვევაზე რეაგირება ევალება. სამინისტრო ამ შესაძლებლობას ყოველთვის გამოიყენებს და იქნება აბსოლუტურად შეურიგებელი ფაქტთან, რასაც პაციენტისთვის, უსამართლო ფასის შეთავაზება ჰქვია.
აღსანიშნავია, რომ ბოლო ხანებში, განსაკუთრებით მნიშვნელოვან მედიკამენტებთან დაკავშირებით არსებულმა რეგულაციებმა ხელი შეუწყო მსგავსი კონკურენციის დეფიციტის აღმოფხვრას და შესაბამისად, უფრო მეტად გაჯანსაღდა ბაზარი. თუმცა, ყოველთვის არსებობს საფრთხე, რომ სადღაც, რაღაც პროცესი არასწორი მიმართულებით წავიდეს. ამას მუდმივად თვალს ვადევნებთ და როგორც კი გაჩნდება კონკრეტული მიმართვის საფუძველი, ჯანდაცვის სამინისტრო არ დააყოვნებს“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს