პოლონეთის პარლამენტი მიგრაციის შესახებ კანონმდებლობაში მთელ რიგ ცვლილებებზე მუშაობს, მათ შორის კანონპროექტი ამარტივებს ქვეყანაში მცხოვრები უცხოელების დეპორტაციის პროცედურას.

კერძოდ, ახალი რეგულაცია ხელისუფლებას საშუალებას მისცემს, უცხოელების დროებითი და მუდმივი ბინადრობის ნებართვის გაცემის, ასევე დეპორტაციის შესახებ გადაწყვეტილებები, უფრო სწრაფად მიიღოს.

ამავდროულად, ის პირები, რომლებიც კანონს დაარღვევენ, ელექტრონულ შეტყობინებას მიიღებენ მათ მიერ პოლონეთის დატოვების ვალდებულებების შესახებ.

გარდა ამისა, გამარტივდება პოლონეთიდან უცხოელების დეპორტაციის წესები ისეთ სიტუაციებში, როდესაც დეპორტაციის შესახებ გადაწყვეტილება ევროკავშირის სხვა ქვეყანამ გასცა. ასეთ შემთხვევებში, პოლონეთის სახელმწიფო არ მიიღებს საკუთარ ცალკე გადაწყვეტილებას დეპორტაციის შესახებ, არამედ დაუყოვნებლივ გააძევებს პირს საკუთარი ტერიტორიიდან.

ამავდროულად, მედიის ინფორმაციით, კანონპროექტი ბინადრობის მსურველებს რეგისტრაციის ელექტრონულად გავლას გაუმარტივებს, რაც გამორიცხავს შუამავლების მიერ სიტუაციის ბოროტად გამოყენებას.

ინტერპრესნიუსი