ანტიკორუფციული ბიურო იწყებს "ლელო - ძლიერი საქართველოს“ ლიდერის მამუკა ხაზარაძის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მონიტორინგს — ამის შესახებ უწყება ოფიციალურად იტყობინება. მონიტორინგის მიზანია დადგინდეს, შეესაბამება თუ არა დეკლარაციაში მითითებული მონაცემები კანონით დადგენილ სტანდარტებს. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მამუკა ხაზარაძის ოჯახის წევრის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებასა და ამ ქონებასთან დაკავშირებულ ხელშეკრულებებს.

უწყების ინფორმაციით, განსაკუთრებული ინტერესის საგანია შეთანხმება, რომელიც ხაზარაძის ოჯახის წევრმა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩთან გააფორმა და რომელიც დეკლარაციაში არ აისახა. ბიურო სწავლობს, იყო თუ არა ეს გამოტოვება მიზანმიმართული, ხომ არ იმალებოდა ამ გზით შემოსავალი და რამდენად შეესაბამება ქმედება დეკლარირების ვალდებულებებს.

,,საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, თანამდებობის პირს ეკისრება კანონით დადგენილი ვალდებულება, დეკლარაციაში სრულად და სწორად ასახოს პირის და პირის ოჯახის წევრის საკუთრებაში არსებული ქონება და ყველა ტიპის გარიგება. ბიუროს მიერ მიმდინარე მონიტორინგის ფარგლებში ყურადღება ეთმობა დეკლარაციაში იმ მონაცემების ასახვის სიზუსტეს, რომლებიც უკავშირდება მამუკა ხაზარაძის ოჯახის წევრის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებასა და აღნიშნულ ქონებასთან დაკავშირებულ ხელშეკრულებებს. განსაკუთრებული ინტერესის საგანს წარმოადგენს ის გარემოება, თუ რა მიზეზით არ აისახა დეკლარაციაში შეთანხმება, რომელიც მამუკა ხაზარაძის ოჯახის წევრმა გააფორმა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩთან. მნიშვნელოვანია, გამოიკვეთოს, იყო თუ არა ხელშეკრულების დამალვა მიზანმიმართული, უკავშირდება თუ არა შემოსავლის დაფარვის მცდელობას და რამდენად შეესაბამება ეს ქმედება კანონით დადგენილ ვალდებულებებს. 

ამასთანავე, ბიურო აგრძელებს პოლიტიკური პარტიების ფინანსური საქმიანობის მუდმივ მონიტორინგს, რაც გულისხმობს შემოწირულებების კანონიერების შეფასებას. ამ კონტექსტში მიმდინარეობს მამუკა ხაზარაძის მიერ დეკლარირებულ შემოწირულებებთან დაკავშირებული გარემოებების შესწავლა, რათა სრული სურათი შეიქმნას პოლიტიკური კორუფციის შესაძლო რისკებთან დაკავშირებით. საზოგადოებაში არსებული კითხვები ამ კონკრეტული ხელშეკრულების არსსა და მის დეკლარაციაში ასახვის სიზუსტესთან დაკავშირებით ბუნებრივად წარმოშობს აუცილებლობას, დეტალურად და მიუკერძოებლად იქნეს გამოკვლეული, ხომ არ მოხდა სამართლებრივი ვალდებულების დარღვევა. საქართველოს თითოეულ მოქალაქეს აქვს უფლება, იცოდეს, ჰქონდა თუ არა ადგილი კანონის მოთხოვნათა უგულებელყოფას, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ საკითხი უკავშირდება მაღალი საჯარო ინტერესის მქონე პირს. ანტიკორუფციული ბიურო უზრუნველყოფს მონიტორინგის პროცესის გამჭვირვალობასა და კანონიერებას. საზოგადოებას ეტაპობრივად მივაწვდით დამატებით ინფორმაციას მონიტორინგის შედეგების შესახებ“, – აღნიშნულია განცხადებაში.