წელს პირველად საქართველოს ტურიზმის სტრატეგიულ ბაზრებს შორის ჩინეთიც შედის. სექტორში მომუშავე მცირე და საშუალო ბიზნესების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ეს სპეციფიკური ბაზარია და მათ შესაბამისი გამოცდილება არ აქვთ. ბუტიკ-სასტუმრო შოთა რუსთაველის გენერალური მენეჯერი ნინო ჩუბინიძე აცხადებს, რომ ჩინური ბაზრის შესასწავლად მცირე ზომის სასტუმროებს ტურიზმის მხრიდან ადმინისტრაციის დახმარება სჭირდებათ.
,,ვისურვებდი, რომ ჩინურ ბაზართან დაკავშირებით ტურიზმის ადმინისტრაცია დაგვეხმაროს. ეს ძალიან სპეციფიკური ბაზარია და კარგი იქნება თუ მოხდება კომუნიკაცია სპეციალისტებთან, რომლებიც გაგვარკვევენ ამ ბაზრის სპეციფიკას და როგორ უნდა ვიმუშაოთ”,-აცხადებს ნინო ჩუბინიძე.
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციამ ახალი მარკეტინგული კამპანიები დაიწყო, რომლებიც სამიზნე ბაზრების 31 ქვეყანაში ხორციელდება. კამპანიის ფარგლებში ტურიზმის ადმინისტრაციამ კერძო სექტორს ახალი ინიციატივები შესთავაზა. ბუტიკ-სასტუმრო შოთა რუსთაველის გენერალური მენეჯერი ნინო ჩუბინიძე ამ ინიციატივებს დადებითად აფასებს.
„ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ეს ახალი ინიციატივები ხელს უწყობს ქვეყანაში ტურიზმის განვითარებას. ამ ბაზრებზე მონაწილეობა ძალიან საინტერესოა. მით უმეტეს, რომ საერთაშორისო გამოფენებზე მონაწილეობა
საკმაოდ ძვირიც ჯდებოდა და ახლა როგორც აღმოჩნდა, საკუთარი ლოგისტიკური ხარჯები უნდა დაიფაროს. ამიტომ იმედი მაქვს, რომ პატარა ობიექტები, როგორიც ჩვენ ვართ, შევძლებთ მონაწილეობას. დიდი ბიზნესებისთვის საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობა ბევრად უფრო იოლი იყო, ვიდრე ჩვენთვის."- აცხადებს ნინო ჩუბინიძე.
საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ კერძო სექტორს მარკეტინგული კამპანიების ახალი ინიციატივები გააცნო. ადმინისტრაცია სტრატეგიულ ბაზრებზე – ევროპაში, აზიასა და ამერიკაში – საერთაშორისო
მარკეტინგულ კამპანიას ახორციელებს.