გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ქალაქ რუსთავის მერიას შორის რუსთავის ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებისთვის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა და ქალაქ რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ მოაწერეს.

სამინისტროს ინფორმაციით, მემორანდუმი 2026 წლის სამოქმედო გეგმის განხორციელებას ისახავს მიზნად, რომლის ბიუჯეტი 4.3 მილიონ ლარს შეადგენს და 19 აქტივობას აერთიანებს. დოკუმენტი ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების შემცირებასა და გარემოს მდგომარეობის გაუმჯობესებაზეა ორიენტირებული.

გეგმის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა სამრეწველო სექტორიდან მყარი ნაწილაკების გაფრქვევების შემცირებას. სამინისტრო გეგმავს საწარმოო ტერიტორიებზე ამტვერებადი მასალების ღია წესით დასაწყობების აკრძალვას, ჰაერდაცვითი მოთხოვნების გამკაცრებასა და საწარმოების ზედამხედველობის გაძლიერებას რუსთავსა და გარდაბანში.

ტრანსპორტიდან გამოწვეული დაბინძურების შემცირების მიზნით, რუსთავსა და გარდაბანში გაძლიერდება საწვავის ხარისხის კონტროლი. პარალელურად, რუსთავის მერია განავითარებს გადაადგილების ალტერნატიულ ინფრასტრუქტურას.

სამოქმედო გეგმა ითვალისწინებს რეკრეაციული და მწვანე სივრცეების განვითარებასაც - რუსთავის ჭალის ტყის აღდგენის ფარგლებში დაირგვება 10 000 ნერგი, მოეწყობა ახალი პარკები და სკვერები, ასევე მომზადდება მწვანე ბუფერული ზონის შექმნის პროექტი.

გარდა ამისა, დაგეგმილია ატმოსფერული ჰაერის ხარისხის ავტომატური მონიტორინგის ქსელის გაფართოებაც, რუსთავში დამატებით ერთი მონიტორინგის სადგური განთავსდება. ამასთანავე, განხორციელდება გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებისკენ მიმართული ღონისძიებები.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში უკვე დაწყებულია მუშაობა ცენტრალური ზონის ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მართვის მომდევნო ფაზის, 2027 - 2029 წლების სამოქმედო გეგმის შემუშავებაზე, რომელიც ქალაქ რუსთავსაც მოიცავს.