დონალდ ტრამპის პორტრეტით 250-დოლარიანი ბანკნოტის შექმნის იდეამ აშშ-ში ხმაური გამოიწვია.

The Washington Post-ის ინფორმაციით, ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლები სახელმწიფო ბეჭდვისა და გამოცემის ბიუროზე ზეწოლას ახორციელებდნენ, რათა ახალი, 250-დოლარიანი კუპიურის პროტოტიპი შეემუშავებინათ. გავრცელებული დოკუმენტების მიხედვით, გასული წლის აგვისტოსა და სექტემბერში აშშ-ის ხაზინადარმა ბრენდონ ბიჩმა ბიუროს თანამშრომლებს რამდენიმე დიზაინი წარუდგინა, რომელთაგან ერთ-ერთზე ბანკნოტის ცენტრში თავად დონალდ ტრამპის პორტრეტი იყო გამოსახული.

ინიციატივა თავიდანვე წინააღმდეგობას წააწყდა. მიზეზი ისაა, რომ ამერიკული კანონმდებლობა ეროვნულ ვალუტაზე მხოლოდ გარდაცვლილი პირების გამოსახვას უშვებს. გარდა ამისა, ახალი ნომინალის გამოშვება კონგრესის თანხმობის გარეშე შეუძლებელია.

საქმეს დამატებითი ინტრიგა მას შემდეგ დაემატა, რაც მიმდინარე წლის აპრილში ბიუროს დირექტორი პატრისია სოლიმენე, რომელიც პროექტის სამართლებრივ სირთულეებზე მიუთითებდა, მოულოდნელად გადააყენეს. მისი ადგილი მაიკ ბრაუნმა დაიკავა, რომელიც ადრე ბრენდონ ბიჩის მრჩეველი იყო.

სპეციალისტების შეფასებით, მსგავსი ბანკნოტის შექმნა არც ტექნიკურად არის მარტივი. ბიუროს ყოფილი დირექტორის, ლარი ფელიქსის თქმით, ახალი კუპიურის დიზაინის, უსაფრთხოების ელემენტების, ყალბი ფულისგან დაცვის სისტემებისა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მომზადებას, როგორც წესი, 6-დან 10 წლამდე სჭირდება.

პროექტის დიზაინი ბრიტანელ მხატვარ იენ ალექსანდრიას ეკუთვნის. მისი განცხადებით, ტრამპმა პირადად სთხოვა ესკიზში გარკვეული ცვლილებების შეტანა, მათ შორის ამერიკის დროშის ფერებისა და აშშ-ის დაარსების 250 წლისთავის ლოგოს დამატება.

თუ იდეა ოდესმე რეალობად იქცევა, ეს აშშ-ის ისტორიაში უპრეცედენტო შემთხვევა იქნება — ბოლო დაახლოებით 150 წლის განმავლობაში ამერიკულ ვალუტაზე ცოცხალი ადამიანის გამოსახულება არ დაბეჭდილა.