საქართველოში დემოგრაფიული სურათი უარესდება. ამის მიზეზი რამდენიმე ფაქტორია, მათ შორის უცხოელ მუშახელზე მზარდი მოთხოვნა და ადგილობრივი კადრების უცხოეთში გადინება, რაც ისედაც მძიმე დემოგრაფიულ ფონზე უარყოფითად აისახება. ვითარება, იმდენად საგანგაშოა, რომ ხელისუფლებას გადამწყვეტი ზომების მიღება მოუწევს. წინააღმდეგ შემთხვევაში ქართველობა, შესაძლოა, საკუთარ ქვეყანაში უმცირესობაშიც აღმოჩნდეს, რაზეც გაეროს დასკვნებშიც კი იყო საუბარი.
ქვეყანაში უცხოელი მუშახელის მუდმივად შემოყვანა დემოგრაფიულ სურათს რადიკალურად შეცვლის. ქართველები სამუშაოს საძიებლად საზღვარგარეთ გარბიან, ჩვენ კი ახლო თუ შორეული ქვეყნებიდან ჩამოსულებს ელვის სისწრაფით "ვისრუტავთ". ამაზე ბიზნესი დღითი დღე მეტი სითამამით საუბრობს. სპეციალისტები კი დაუფარავად აცხადებენ, რომ ადგილობრივი ბაზრის უცხოელი მუშახელით გაჯერება ქვეყანას კატასტროფამდე მიიყვანს.
ეკონომისტმა სოსო სიმონიშვილმა ,,რეზონანსთან" საუბრისას ხაზგასმით აღნიშნა, რომ თუ მიგრაციის არ შეჩერდა და სპეციალური ზომები არ შემუშავდა, საქართველო უახლოეს მომავალში ქართველების გარეშე დარჩება.
"ვითარება რთულია. ჩვენი კადრების გადინება და აზიის ქვეყნებიდან შემოსული მუშახელით ბაზრის გაჯერება ქვეყანას გამანადგურებელ შედეგებს მოუტანს. თუ ასე გაგრძელდა, მოსახლეობა ეთნიკურად შეიცვლება. საბოლოოდ, საქართველო დარჩება ქართველების გარეშე. ეს არის ყველაზე ცუდი რამ, რაც შეიძლება სახელმწიფოს მოუვიდეს. ამაზე ხშირად მისაუბრია კიდეც.
ნებისმიერ ბიზნესს მოსწონს, როდესაც ჰყავს იაფი მუშახელი, მაგრამ სახელმწიფოს და მთავრობის ერთ-ერთი ფუნქცია ქვეყნის ინტერესების დაცვაა. ამიტომაც, სახელმწიფომ მაკროეკონომიკური ჩარჩო უნდა შექმნას და შეძლოს იმ მოსახლეობის მოვლა-პატრონობა, რომელმაც ეს ქვეყანა შექმნა. უნდა ჩართოს ისინი აქტიურად ეკონომიკის ყველა დარგში, რათა ქვეყნიდან შრომით ემიგრაციაში ხალხი არ გადიოდეს და არ დაგვჭირდეს სხვა სახელმწიფოებიდან მუშახელის ჩამოყვანა.
სამწუხაროა ის გარემოება, რომ ამ მიმართულებით, ჩვენი ქვეყნის არც ერთ ხელისუფლებას არაფერი გაუკეთებია. ჯერ ერთი იმიტომ, რომ გაუნათლებლები არიან და ალბათ დიდად არც ანაღვლებთ აღნიშნული საკითხი. ალბათ გემახსოვრებათ როგროი შემართებით ეუბნებოდნენ ჩვენს მოქალაქეებს, რომ ხელს შეუწყობდნენ და დაასაქმებდნენ უცხოეთში. ამის გაცხადება პირდაპირ დანაშაულია. არსებობს ასეთი გამოთქმა: ,,ეს ისეთი შეცდომაა, რომელიც დანაშაულზე უარესიაო". სწორედ ასეთ შემთხვევასთან გვაქვს საქმე", - განაცხადა სიმონიშვილმა.
მისივე თქმით, პრობლემა ადვილად მოგვარდება, თუ სახელმწიფოს კეთილი ნება იქნება და შესაბამის ნაბიჯებსაც გადადგამს.
"ამ რთულ ვითარებას ამართლებენ კაპიტალიზმითა და კერძო საკუთრებით. თუმცა, რეალურად ასე არაა. მაშინ რატომ აძლევენ საკუთარ თავს იმის უფლებას, რომ ამ ქვეყნის ხელისუფალნი იყვნენ. სარგებლობენ მმართველობის ყველა პრივილეგიებით და თავის შეწუხება არ უნდათ.
ერთ-ერთ საპროექტო ინსტიტუტში მოვხვდი და რაც არ უნდა გაგიკვირდეთ, იქ, უფროსის გარდა, ყველა ვინც დასაქმებული იყო, ფილიპინელი გახდათ. ეს ხდება თბილისში, ოპერის სახლის უკან. ასეთი შემთხვევები კანონმა უნდა აკრძალოს. ამის დაშვება წარმოუდგენელია. ეს გახლავთ სამშობლოს ღალატი, თუმცა უკვე ეს მუხლიც აღარ არის ჩვენს კანონმდებლობაში.
გამოსავალს რაც შეეხება, ეკონომიკას და სახელმწიფოს სჭირდება ძირეული რეფორმირება. სასტიკად უნდა აიკრძალოს დასაქმების მიზნით, უცხო ქვეყნის მოქალაქის მასობრივი შემოყვანა. შეიქმნას სერიოზული ბარიერები. უცხოელ ინვესტორს წაუყენონ პირობა, რომ ადგილობრივი მოსახლეობის 90% დაასაქმოს. განა ხალხი არ არის საქართველოში, მაგრამ შესაბამის ხელფასს არ უხდიან და ეს ქმნის პრობლემას. ისედაც დაბალი შობადობის ფონზე ვმცირდებით და კიდევ ეს გვინდა? უნდა გაითავისონ, რომ მიგრაცია ღუპავს ქვეყანას და პრობლემას სასწრაფოდ გადაწყვეტა სჭირდება", - ამბობს სოსო სიმონიშვილი.
საჭიროა სახელმწიფომ პრობლემა ძირეულად შეისწავლოს, რადგან ვითარება თანდათან საგანგაშო ხდება. დემოგრაფ ანზორ სახვაძის აზრით, ქვეყანაში ჯერ კიდევ არის უმუშევართა დიდი რაოდენობა და უცხოეთიდან მუშახელის ჩამოყვანის აუცილებლობა არ დგას.
,,ჯერ კიდევ არის სამუშაოს მაძიებელთა გარკვეული რაოდენობა საქართველოში და მაინცდამაინც საზრვარგარეთიდან რატომ უნდა შემოვიყვანოთ მუშახელი? ამის აუცილებლობას ვერ ვხედავ, თუ არ იგულისხმება განსაკუთრებული დარგის სპეციალისტები, რომლის დეფიციტს ჩვენი ქვეყანა ნამდვილად განიცდის.
რადგან უცხოეთში არსებობს მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილები, მოსახლეობის გარკვეული ნაწილი, იქ მიდის. ძირითადად ამით არის განპირობებული ჩვენი შრომითი მიგრაციაც. მოქალაქე აქ შეიძლება დასაქმდეს, მაგრამ ჩვენთან გარკვეული სამუშაოს შესრულებაში გაცილებით დაბალ ანაზღაურებას აძლევენ, ვიდრე საზღვარგარეთ.
სახელმწიფოს შეუძლია მთელი კომპლექსი შეიმუშაოს ღონისძიებებისა, რომელიც დემოგრაფიულ ფონს გააუმჯობესებს და შრომით მიგრაციასაც გარკვეულ ჩარჩოებში მოაქცევს. ამიტომაც, კარგი იქნება თუკი კომპლექსური დემოგრაფიული პოლიტიკის შემუშავებაზე გაკეთდება მთავარი აქცენტი, რომელშიც გათვალისწინებული იქნება გარე შრომითი მიგრაციის საკითხებიც. ვფიქრობ, ამით დარეგულირდება ჩვენი შრომითი ბაზარიც და ქვეყნის წინსვლა-განვითარებაც მოხდება", - განაცხადა ანზორ სახვაძემ.
წყარო: რეზონანსი