საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთან რესტავრატორ/კონსერვატორები და ხელოვნებათმცოდნეები იკრიბებიან.

ისინი გეგმავენ, რომ პარლამენტის შენობისკენ მსვლელობა გამართონ.

ხელოვნებათმცოდნის, შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის ყოფილი მმართველის, ეკა კიკნაძის განცხადებით, კულტურის სფეროს წარმომადგენლებმა უკვე დიდი ხანია იციან, თუ რას ნიშნავს „რუსული დიქტატურა მართვის სათავეში“.

მისივე თქმით, ქართველმა ხალხმა ამ ბრძოლაში უნდა გაიმარჯვოს და “რუსეთი ამ ქვეყანაში სამუდამოდ უნდა დამარცხდეს”.

“ჩვენმა სფერომ უკვე დიდი ხანია იცის, რას ნიშნავს რუსული დიქტატურა მართვის სათავეში. ჩვენმა სფერომ, ეს ნახა გელათის სამონასტრო კომპლექსში განვითარებული მოვლენების სახით, სამუზეუმო სფეროში, კინოში და ა.შ. ამიტომ ჩვენც, როგორც ყველა სხვა სფეროს წარმომადგენელი გამოვთქვამთ ჩვენს პროტესტს და ღელვას იმის თაობაზე, თუ რა შეიძლება გამოიწვიოს ამან მთელი ქვეყნის მასშტაბით. გარუსება, რუსული პოლიტიკა, რუსული მართვა, ეს არის ალბათ, ყველაზე უარესი, რაც 21 საუკუნეში ქვეყანას შეიძლება დაემართოს. ჩვენ დღეს გვიდგას 1921 წელი, როგორც მაშინ იდგა ჩვენი ქვეყანა გასაყარზე - ევროპასა და რუსეთს შორის, მაშინ რუსეთმა გაიმარჯვა, ისევე არის დღეს. დღესაც იგივე ბრძოლაა, მაგრამ დღეს ჩვენ უნდა გავიმარჯვოთ და რუსეთი ამ ქვეყანაში სამუდამოდ უნდა დამარცხდეს”, - განაცხადა კიკნაძემ.

აქციის მონაწილეების მოთხოვნა უცვლელია. ისინი მოითხოვენ, რომ დაინიშნოს ხელახალი არჩევნები, დაუბრუნდეს ქვეყანა ევროპულ საგარეო კურსს და გათავისუფლდნენ პროტესტის დროს დაკავებული მოქალაქეები.

გარდა ამისა, თბილისის მასშტაბით, დღეს სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები სხვადასხვა წერტილში აქციებს აანონსებენ, საიდანაც რუსთაველის გამზირის მიმართულებით მსვლელობებს გამართავენ.

ინფორმაციისთვის, მოქალაქეები „ქართული ოცნების“ 28 ნოემბრის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის თანახმად, საქართველო 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს დღის წესრიგში არ დააყენებს. მათი მოთხოვნა უცვლელია - დაინიშნოს ხელახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ პროტესტის დროს დაკავებული მოქალაქეები. საპროტესტო გამოსვლები დედაქალაქში და ქვეყნის რამდენიმე ქალაქში უწყვეტად უკვე 18 დღეა მიმდინარეობს.

წყარო: ინტერპრესნიუსი