“რემაქს კაპიტალის” დამფუძნებლის მარიამ ასათიანის თქმით, ამერიკასთან შეჩერებული სტრატეგიული თანამშრომლობის გამო, უმსხვილესმა ამერიკულმა კომპანიამ ქართული ბაზრიდან გასვლის გადაწყვეტილება მიიღო. კითხვები და ზარები კი სხვა საერთაშორისო კომპანიების მხრიდანაც ისმის.
„უძრავი ქონების პროსპექტში“ სტუმრობისას ასათიანმა განაცხადა, რომ თუკი პროცესები დროულად არ დაუბრუნდება ნორმალურ მდგომარეობას, მსხვილი კომპანიების განწყობები მცირე პარტნიორებზეც გავრცელდება, ეს კი ქვეყნის ეკონომიკაზე მნიშვნელოვან ნეგატიურ გავლენას იქონიებს.
„ჩვენ ის მარტივად მიღებული დივიდენდი, როცა ომის გამო გაიზარდა საოფისე სეგმენტზე მოთხოვნა, შესაძლოა ასევე მარტივად დავკარგოთ. იმ საერთაშორისო კომპანიებიდან და ჩვენ საკმაო რაოდენობის კომპანიები დავაბინავეთ, რამდენიმემ უკვე დაგვირეკა. ერთი ცალსახად გადის, ის არის ამერიკული კომპანია, ძალიან მსხვილი, რომელმაც გამოიყვანეს რუსეთიდან და უკრაინიდან წარმომადგენლები და მათ უკვე ჩათვალეს, რომ საქართველო არ არის მათთვის უსაფრთხო. იმის გამო რომ ამერიკასთან სტრატეგიული თანამშრომლობა შეჩერდა მათ უკვე გაგვაფრთხილეს, რომ დავიწყოთ გასვლისთვის საჭირო პროცედურები.
ეს ცუდი მაჩვენებელია. თუ ასეთი სიტუაცია გაგრძელდა და ჩვენი ურთიერთთანამშრომლობა მათთან არ შეიცვლება, ასეთ შემთხვევაში სავარაუდოდ მსხვილების გასვლას უნდა ველოდეთ. ეს არის ხოლმე მერე ერთგვარად მანიშნებელი პატარა კომპანიებისთვისაც, განწყობა გადაეცემათ ხოლმე და ვფიქრობ საკმაოდ სავალალო შედეგი შეიძლება მოიტანოს თუ დიდხანს გაგრძელდება ეს პროცესები. თუმცა, ასევე მინდა ვთქვა, რომ როგორც არ უნდა შეიცვალოს ვითარება ხვალ, გემო რომ ტრაექტორიას იცვლის, ის სწრაფად ვეღარ შემობრუნდება. ასეა აქაც, ეს დაწყებული როცაა უკვე ძალიან ცუდია, ისევ წლები დასჭირდება რომ ეს ნდობა კვლავ დავაბრუნოთ.
საერთაშორისო კომპანიების წილი დიდია. მტრული გარემო თუ შევუქმენით, რასაკვირველია აქ ყოფნის სურვილი არ ექნებათ, ეს კიდევ უფრო მძიმედ აისახება საქართველოს ეკონომიკაზე, ვიდრე უბრალოდ საოფისე ფართების დატოვებაა.
პროგნოზიც გვიჭირს, თუკი ვინმე მეტყვის რა პროგნოზია პოლიტიკურად, ამის შემდეგ განვსაზღვრავ რა შეიძლება მოხდეს. ახლა არის მოლოდინი , შოკი, გადაღლა და ფიქრი იმაზე, რა იქნება ხვალ.“ - განაცხადა ასათიანმა.
უძრავი ქონების ბაზარზე არსებულ მდგომარეობაზე საუბრისას „რემაქს კაპიტალში“ ამბობენ, რომ ყველა ახალი ტრანზაქცია და მოლაპარაკება გაჩერებულია. როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო პარტნიორები გაურკვევლობაში არიან.
„აბსოლუტურად შეცვლილია ადამიანებისა და ბიზნესების დღის წესრიგი, ყურადღება გადატანილია რუსთაველზე და იმაზე თუ რა იქნება. ჯერ არ გვაქვს არც სტატისტიკა, თუმცა წინასწარ ვხვდებით ხოლმე როგორი იქნება სურათი იმ დაკვეთების და მზაობის მიხედვით რაც მოდის მოქალაქეების მხრიდან. მათი პასუხებიდან იკვეთება, რომ დაშორებულები არიან იმ რეალობას, რაშიც ადრე იყვნენ და რაც ყიდვისთვის განმსაზღვრელია. საცხოვრებელიც და მით უფრო საინვესტიციო ყიდვა დამოკიდებულია განწყობაზე, დღევანდელი განწყობა კი არ იძლევა წინ გახედვის და იმის თქმის საშუალებას, რომ რაღაც ახალი დაიწყო.“ - აღნიშნა მარიამ ასათიანმა.
წყარო: bm.ge