ესტონეთის პარლამენტმა (რიიგიკოგუმ) მიიღო საზოგადოებრივი ჯანდაცვის ახალი კანონი, რომელიც არასრულწლოვნებისთვის სოლარიუმების მომსახურებას და ტატუირების სერვისებს კრძალავს, ასევე საფუძველს უყრის ფსევდომეცნიერებისა და მისგან მომდინარე დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლას ჯანდაცვის ფეროში.
სოციალური საკითხთა სამინისტროს განცხადებით, კანონის მიზანია საზოგადოებრივი ჯანმრთელობის უკეთ დაცვა და ხანგრძლივი, ჯანმრთელი ცხოვრებისთვის ხელშეწყობა.
ესტონეთის ჯანდაცვის მინისტრი, რიინა სიკუტი ამბობს: „მნიშვნელოვანია, რომ პრობლემებს მხოლოდ მათი წარმოშობის შემდეგ კი არ მივხედოთ, არამედ უნდა ვეცადოთ, რომ თავიდან ავიცილოთ ისინი“.
მისივე თქმით, ესტონეთში სიკვდილიანობის თითქმის 40 პროცენტი სარისკო ქცევებთან არის დაკავშირებული, რაც იმას ნიშნავს, რომ მათი თავიდან აცილება შესაძლებელი იყო.
ახალი კანონი მოიცავს რეგულაციებს ისეთი საქონლისა და მომსახურების მიმართ, რომლებიც უშუალოდ უქმნიან საფრთხეს მოქალაქეთა ჯანმრთელობას. ასეთია მაგალითად, სოლარიუმით ხშირი სარგებლობა, რაც მელანომას წარმოშობის მომატებულ რისკთან არის დაკავშირებული, განსაკუთრებით - ახალგაზრდულ ასაკში მზის აბაზანების გადაჭარბებული დოზის მიღების შემთხვევაში.
ესტონეთში, ისევე როგორც სხვა ქვეყნებში, მრავლად არის ტატუირების სალონები, მიუხედავად იმისა, მაგრამ ტატუირება ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველია, ძირითადად, პროცესში გამოყენებული საღებავების გამო.
ახალი კანონის თანახმად, სოლარიუმებსა და ტატუირების სალონებში ვიზიტის უფლება მხოლოდ ზრდასრულებს, ანუ 18 წელზე უფროსი ასაკის პირებს ექნებათ.
კანონის კიდევ ერთი საყურადღებო დებულებაა ფსევდომეცნიერების და მასთან დაკავშირებული დეზინფორმაციების გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლა.
„პირველად, ეს შექმნის საფუძველს, რომ ფსევდომეცნიერებაში ჩავერიოთ და მასთან დაკავშირებული დეზინფორმაციის გავრცელებას შევუშალოთ ხელი“, - აცხადებს სოციალურ საკითხთა სამინისტრო.
კანონი ასევე ადგენს სკოლებში ჯანსაღი კვების მოთხოვნებს, რომლებიც სკოლების დირექტორების მიერ ჯანდაცვის განვითარების ინსტიტუტის (TAI) რეკომენდაციების შესაბამისად განისაზღვრება.
კანონი 2025 წლის 1 სექტემბრიდან შევა ძალაში და 1995 წლიდან მოქმედ კანონს ჩაანაცვლებს.
„ფსევდომეცნიერულად“ მიიჩნევა რწმენა, პრაქტიკა ან განცხადება, რომელიც წარმოჩენილია როგორც მეცნიერული, მაგრამ არ აქვს ემპირიული მტკიცებულებები, საიმედო მეთოდოლოგია ან მეცნიერული დადასტურება. მათ შორისაა, მაგალითად, ბრტყელი დედამიწის თეორია, გეოგლიფოლოგია, ლეის ხაზები და სხვა. კონკრეტულად ჯანდაცვის სფეროში ის გამოიხატება „სასწაულებრივი მინერალური ხსნარის“ (MMS) პოპულარიზებაში და ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემების სამკურნალო საშუალებად მის წარმოჩენაში, მაშინ, როდესაც ეს ხსნარი არამარტო ნაკლებად ეფექტურია, არამედ მის გამოყენებას სერიოზული რისკების გამოწვევაც შეუძლია.
წყარო: 1 არხი