16 დეკემბერს, ლატვიის ცენტრალური ბანკი გამოუშვებს ვერცხლის საკოლექციო მონეტას სახელწოდებით, „კომბოსტო“. ბანკის ასეთი არჩევანი იმით არის განპირობებული, რომ „კომბოსტო ჯანმრთელობის, აყვავების და კეთილდღეობის სიმბოლოდ არის მიჩნეული“.
კომბოსტო ლატვიის ტერიტორიაზე XI-XIII საუკუნეში შეიტანეს და მალე ერთ-ერთ ძირითად ბოსტნეულად იქცა ლატვიელთა წინაპრების სამზარეულოში. თუმცა, კომბოსტოს ფართო გამოყენება მხოლოდ სამზარეულოთი არ შემოიფარგლება.
ძველ საბერძნეთსა და რომში კომბოსტო სამკურნალო საშუალებად მიიჩნეოდა და სხვა მხრივაც იყო ფასეული. ძველრომაული მითის თანახმად, იუპიტერი გაიოფლა, როცა ორაკულის წინასწარმეტყველების გაგებას ცდილობდა. ღმერთის ოფლის წვეთები მიწაზე ჩამოვარდა და მისგან კომბოსტოს თავები გაიზარდა. რომაელები ამ მცენარეს „კაპუტს“ უწოდებდნენ, რაც „თავს“ ნიშნავს. როდესაც ჩვენ ვამბობთ „კომბოსტოს თავს“, ეს „თავის თავს“ ნიშნავს, რადგან სიტყვა „კომბოსტო“ ლათინური caput-დან მომდინარეობს.
თავისი მწვანე ფოთლების გამო, კომბოსტო ბანკნოტების მწვანე ფერთანაც ასოცირდება და ამიტომ, ჩვენ (ლატვიელები - რედ.) ზოგჯერ სიტყვა „კომბოსტოს“ ფულის, ასევე სიმდიდრის აღსანიშნავად ვიყენებთ. ანას დღეს (26 ივლისი) ლატვიელები ერთმანეთს კომბოსტოს ფოთლებს ჩუქნიდნენ, რადგან მიაჩნდათ, რომ ეს მათ გამდიდრებაში დაეხმარებოდა.
ლატვიელების წინაპრებს ასევე სჯეროდათ, რომ კომბოსტოს ჭამა ნაყოფიერებას ზრდიდა. სწორედ ამ მითის გამო „მიიჩნევა“, რომ ბავშვებს კომბოსტოში პოულობენ ან მასში იბადებიან.
ახალი წლის ღამეს ლატვიელები, ტრადიციულად, მჟავე კომბოსტოს მიირთმევენ, რათა დამდეგ წელს „სიმჟავე“ ან უიღბლობა უკვალოდ გაქრეს.
კომბოსტოს ფოთლებს ხალხურ მედიცინაშიც იყენებენ.
იმ შემთხვევაშიც კი, თუ ვირწმუნებთ, რომ მხოლოდ მითია ის, თითქოს, კომბოსტოს კეთილდღეობა, ჯანმრთელობა მოაქვს და შთამომავლობის გამრავლებას უწყობს ხელს, იმის უარყოფას მაინც ვერ შევძლებთ, რომ ამ ბოსტნეულს მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა როგორც ოჯახში, ასევე სამზარეულოში.
საკოლექციო ვერცხლის მონეტა „კომბოსტოს“ ესკიზი ლატვიელმა მხატვარმა, მარტინს როზენფელდსმა შექმნა.
მონეტის შეძენა შესაძლებელია მხოლოდ ვებგვერდზე „e-monetas.lv, 16 დეკემბრის 12:00 საათიდან. მისი ფასი 89.00 ევროა, შესყიდვის ლიმიტი - ერთ ადამიანზე ოთხი მონეტა. მონეტის ტირაჟი 3 500 ეგზემპლარია. ის ლიეტუვას ზარაფხანა Lietuvos monetų kalykla-ში მოიჭრა.