აშშ-ს წარმომადგენელთა პალატამ 2025 წლის ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტი (NDAA) მოიწონა. დოკუმენტი არ შეიცავს დებულებას „უკრაინაში დემოკრატიის ხელშეწყობის შესახებ“ კანონის მოქმედების გაგრძელების შესახებ.
აშშ-ს კონგრესის ქვედა პალატის მიერ თავდაცვის კანონპროექტის დამტკიცების შესახებ წამყვანი პოლიტიკური ვებ-საიტი „ჰილი“ (The Hill) იუწყება.
გადაწყვეტილებას 281-მა კონგრესმენმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგ კი 140-მა კანონმდებელმა (16 რესპუბლიკელი და 124 დემოკრატი) მისცა ხმა. შემდეგი ნაბიჯი იქნება აშშ-ს სენატის მიერ თავდაცვის ბიუჯეტის დამტკიცება, რომელიც მომავალ კვირას არის დაგეგმილი.
ყოველწლიური ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტი (NDAA) არის სავალდებულო კანონპროექტი, რომელიც თავდაცვის დეპარტამენტის დაფინანსების პრიორიტეტებს ადგენს. ის ყოველი წლის დეკემბერში მას შემდეგ განიხილება, რაც სენატი და წარმომადგენელთა პალატა თავიანთ ვერსიებს შეათანხმებენ.
შეერთებულ შტატებში უკრაინის ელჩი, ოქსანა მარკაროვა აცხადებს, რომ თავდაცვის ავტორიზაციის აქტის პროექტი, რომელიც სენატმა წელს დაამტკიცა, შეიცავდა დებულებას „უკრაინაში დემოკრატიის ხელშეწყობის შესახებ“ კანონის მოქმედების გაგრძელების შესახებ, მაგრამ წარმომადგენელთა პალატის მიერ დამტკიცებულ დოკუმენტში ეს დებულება აღარ იძებნება.
„კანონპროექტის კონსოლიდირებულ ტექსტში შესაბამისი დებულება არ არის შეტანილი. საელჩო აგრძელებს აქტიურ მუშაობას იმ მექანიზმის შესანარჩუნებლად, რომელიც „უკრაინის მხარდაჭერის აქტის“ („Stand with Ukraine Act“) კანონპროექტით არის გათვალისწინებული“, - წერს მარკაროვა ფეისბუკზე.
ელჩის თქმით, წარმომადგენელთა პალატის მიერ მოწონებული დოკუმენტი უკრაინასთან დაკავშირებულ შემდეგ ძირითად დებულებებს შეიცავს:
- 1303-ე მუხლით შენარჩუნებულია ისეთი ქმედებების აკრძალვა, რომლებმაც შეიძლება უკრაინის ოკუპირებულ რეგიონებზე რუსეთის სუვერენიტეტის აღიარება გამოიწვიოს;
- 1534-ე მუხლი ავალებს თავდაცვის მინისტრს, შეისწავლოს უმაღლესი დონის ცენტრის შექმნის შესაძლებლობა, რომელიც ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული შეიარაღების სისტემების განვითარებასა და გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს. ასეთ ცენტრის ფუნქციებში უნდა შევიდეს პენტაგონის თანამშრომლობის გამარტივება უცხოელ პარტნიორებთან, მათ შორის უკრაინასთან და ემსახურებოდეს საუკეთესო პრაქტიკის, გაიდლაინების, სტანდარტებისა და ეტალონების გამოვლენას;
- 6411-ე მუხლი ავალებს ეროვნული დაზვერვის სამსახურის დირექტორს, სახელმწიფო მდივანს და ფინანსთა მინისტრს, წარუდგინონ მოხსენება სენატისა და წარმომადგენელთა პალატის დაზვერვის, საგარეო საქმეთა, შეიარაღებული ძალების, მართლმსაჯულების, ფინანსებისა და ასიგნებების კომიტეტებს რუსეთის ფედერაციის მიერ საერთაშორისო ტერორიზმის აქტების დაფინანსების შესახებ. ეს ანგარიში არ არის საიდუმლო, მაგრამ შეიძლება შეიცავდეს კლასიფიცირებულ დანართებს.
„აღსანიშნავია, რომ „უკრაინის უსაფრთხოების დახმარების ინიციატივის“ (USAI) დაფინანსება 2025 ფისკალური წლისთვის გასული წლის NDAA-ში 300 მილიონი დოლარის ოდენობით იყო გათვალისწინებული“, - დასძინა მარკაროვამ.
„ჰილის“ ცნობით, კონგრესის ხელმძღვანელებმა შაბათ-კვირას წარმოადგინეს 883,7 მილიარდი დოლარის მოცულობის ხარჯების პაკეტი, რომელიც ითვალისწინებს ხელფასების 14,5%-ით ზრდას უმცროსი სამხედრო მეთაურებისთვის და 4,5%-ით ზრდას - ყველა სხვა სამხედრო მოსამსახურისთვის.
თავდაცვის კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს საკვანძო პროგრამებისა და ინიციატივების დაფინანსებას, შვიდი სამხედრო ხომალდის შესყიდვის ეტაპობრივ ხარჯებს, დაახლოებით 200 თვითმფრინავისა და 300-მეტი ავტომობილის წარმოებას.
წყარო: 1 არხი