ამერიკულმა საავიაციო კორპორაცია Boeing-მა აშშ-ის ვაჭრობის დეპარტამენტისგან ბელარუსის სახელმწიფო ავიაკომპანია „ბელავიასთან“ თანამშრომლობის ნებართვა მიიღო. გადაწყვეტილებით, მოიხსნა შეზღუდვები, რომლებიც კომპანიებს შორის პირდაპირ საქმიან ურთიერთობას კრძალავდა.

ნებართვის საფუძველზე, „ბელავია“ შეძლებს, Boeing-ისგან პირდაპირ შეიძინოს სათადარიგო ნაწილები, თვითმფრინავის კომპონენტები და პროგრამული უზრუნველყოფა საკუთარი ფლოტის მომსახურებისთვის. ამასთან, გადაწყვეტილება მხარეებს შორის ახალი საჰაერო ხომალდების შესყიდვაზე მოლაპარაკებების დაწყების შესაძლებლობასაც აჩენს.

„ბელავიას“ ხელმძღვანელის, იგორ ჩერგინეცის განცხადებით, თანამშრომლობის განახლებისთვის აუცილებელი თანხმობა მანამდე აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომაც გასცა, რამაც პროცესის ტექნიკური საფუძველი შექმნა.

მისივე თქმით, გადაწყვეტილება ბელარუსის ავტორიტარ ლიდერ ალექსანდრ ლუკაშენკოსა და აშშ-ის დელეგაციას შორის გამართული მოლაპარაკებების შედეგად გახდა შესაძლებელი.

პარალელურად, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ვაშინგტონი ბელარუსული საწარმოებისთვის – „ლაკოკრასკასა“ და „ბელესბუმპრომისთვის“ – სანქციების შემსუბუქებასაც გეგმავს.

აღნიშნული ნაბიჯი მინსკში აშშ-ის სპეციალურ წარმომადგენელ ჯონ კოულსა და ალექსანდრ ლუკაშენკოს შორის გამართულ შეხვედრას უკავშირდება.