უკანასკნელ პერიოდში განვითარებულმა მოვლენებმა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა დიდი გამოწვევების წინაშე დააყენა, რაც განსაკუთრებით მწვავედ ტურიზმის ინდუსტრიაზე აისახა - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტურიზმის ასოციაცია (GTA) ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, უახლოესი პერიოდი ტურიზმის და სტუმარ-მასპინძლობის სექტორისთვის იქნება ურთულესი, როგორც ბიზნესის შენარჩუნების, ასევე შემდგომში მისი განვითარების კუთხით. არსებული პოლიტიკურ-ეკონომიკური კრიზისიდან და ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე ასოციაციამ წევრ ორგანიზაციებში (256 წევრი) ჩაატარა მოკვლევა, რათა გამოევლინა მიმდინარე პროცესების ეფექტი ეკონომიკურ მაჩვენებლებზე.

"წევრების უმრავლესობაში: ბოლო პერიოდში ქვეყანაში განვითარებულმა მოვლენებმა გამოიწვია მიმდინარე ჯავშნების გაუქმება/გადავადება 35%-იდან 100 %-მდე. ასევე,  არსებული მდგომარეობის მიზეზით გაუქმდა სამომავლო ჯავშნების 10 %-იდან -35 %-მდე.

განსაკუთრებით თვალსაჩინო ბიზნეს (MICE) ტურიზმის მიმართულებით არსებული შეფერხებაა, რაც ნოემბერ-დეკემბერში სტუმარ-მასპინძლობის სექტორისთვის მთავარი შემოსავლის წყაროა.ქვეყნის პოლიტიკურ/ეკონომიკური კრიზისიდან გამოყვანის მიზნით, მნიშვნელოვანია გამოინახოს საჯარო სექტორის ხელთ არსებული ყველა საშუალება დიალოგის გაგრძელებისათვის, რამაც ხელი უნდა შეუწყოს ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნებას და სტაბილურ გარემოს შექმნას.

ასოციაცია კიდევ ერთხელ გმობს მოქალაქეების მიმართ ყოველგვარ აგრესიას და ძალადობას. მტკიცედ გვჯერა, რომ მალე შევუერთდებით ევროპულ ოჯახს და ტურიზმისა და სტუმარ-მასპინძლობის სექტორი კიდევ უფრო მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებისთვის. საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაცია და გაწევრიანება ჩვენი მომავალია,"-აღნიშნულია საქართველოს ტურიზმის ასოციაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

bp.ge