2026 წლის სექტემბრის მდგომარეობით, საქართველოში ყოველთვიური დარიცხული ხელფასის მიმღებთა რაოდენობამ 1 016 142 შეადგინა. ეს მაჩვენებელი 2026 წლის აგვისტოსთან შედარებით 5%-ით, ხოლო 2025 წლის სექტემბერთან შედარებით 3%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. განახლებულ დასაქმების თრექერს PMC კვლევითი ცენტრი აქვეყნებს.

სექტემბრის მონაცემებით ხელფასის მიმღებთა განაწილება ასეთია:

  • ყველაზე დაბალი ანაზღაურება - 0-დან 600 ლარამდე: ამ კატეგორიის წილი სექტემბერში 11% იყო. ეს მაჩვენებელი როგორც 2026 წლის აგვისტოსთან, ისე 2025 წლის სექტემბერთან შედარებით 1.3 პროცენტული პუნქტით შემცირდა.
  • 2 400 ლარის ან მეტი თვიური ხელფასის მიმღებთა წილმა სექტემბერში 38% შეადგინა. წილი 2026 წლის აგვისტოსთან შედარებით 0.6 პროცენტული პუნქტით, ხოლო წლიურ ჭრილში 4.1 პროცენტული პუნქტით გაიზარდა.
  • იმ ადამიანების წილი, რომლებიც სექტემბერში 9 600 ლარს ან მეტს იღებდნენ, 3% იყო, რაც თვიურ ჭრილში 0.2 პროცენტული პუნქტით ნაკლებია, ხოლო გასული წლის სექტემბერთან შედარებით 0.2 პროცენტული პუნქტით გაზრდილია.

სექტემბერში Jobs.ge-ზე ჯამში 8 319 ვაკანსია გამოქვეყნდა, ეს წლიურად 5%-ით შემცირებული მაჩვენებელია.

თვიურ ჭრილში ვაკანსიების ყველაზე დიდი ზრდა ფინანსებისა და სტატისტიკის კატეგორიაში დაფიქსირდა (29%), ხოლო ყველაზე დიდი კლება ინფორმაციულ ტექნოლოგიებსა და პროგრამირებაში (42%-ით).