მექსიკაში მთელი ქვეყნის მასშტაბით ერთი დღის განმავლობაში 5 200-ზე მეტი მიგრანტი დააკავეს, – ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

როგორც „როიტერი“ წერს, ეს მასშტაბური ოპერაცია მიმდინარეობს იმ ზეწოლის ფონზე, რომელსაც აშშ-ის მომავალი ხელისუფლება მიგრაციის შესაჩერებლად ახორციელებს.

ოფიციალური მონაცემებით, სამხედრო და სახელმწიფო სტრუქტურებმა, არმიამ, ეროვნულმა გვარდიამ და პოლიციამ ჩაატარეს დაკავებების მასშტაბური ოპერაცია, შედეგად, პირველი ოქტომბრიდან 3 დეკემბრამდე მექსიკაში, დაახლოებით, 350,000 მიგრანტი დააკავეს.

მექსიკის პრეზიდენტმა, კლაუდია შეინბაუმმა განაცხადა, რომ ქვეყნის სამიგრაციო სამსახურები აქტიურად მუშაობენ იმისთვის, რომ მიგრანტებს არ მისცენ ჩრდილოეთით გადაადგილების საშუალება.

ცნობისთვის, მანამდე აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ პრეზიდენტობის პირველივე დღიდან მკვეთრად გაზრდის ტარიფებს მექსიკიდან, კანადიდან და ჩინეთიდან შემოტანილ საქონელზე. ტრამპის განცხადებით, ეს ნაბიჯი წარმოადგენს საპასუხო ზომას არალეგალურ იმიგრაციასა და საზღვარზე „დანაშაულისა და ნარკოტიკების“ შემოდინებაზე.

1tv.ge