იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში ერთ-ერთი უმსხვილესი საერთაშორისო ტურისტული გამოფენაში - Tourism EXPO Japan - საქართველოც მონაწილეობდა.
გამოფენის ფარგლებში საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე იაპონიის ტურიზმის სააგენტოს წარმომადგენლებს, PR და მარკეტინგულ სააგენტოებს, წამყვან ავიაკომპანიებსა და ტუროპერატორებს შეხვდა.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრებზე იაპონიიდან საქართველოში ტურისტული ნაკადების ზრდის დინამიკა და იაპონურ ბაზარზე საქართველოს ცნობადობის ამაღლების საკითხები განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის განვითარების პერსპექტივებს, მარკეტინგული კამპანიების დაგეგმვასა და საქართველოს ოთხი სეზონის ტურისტულ მიმართულებად პოზიციონირებას.
საქართველოს სტენდზე ასევე გაიმართა პრეზენტაციები, სადაც იაპონური მედიისა და ტურისტული ინდუსტრიის წარმომადგენლები საქართველოს ტურისტულ მიმართულებებს, ღირსშესანიშნაობებსა და ტურისტულ პროდუქტებს გაეცნენ.
გამოფენაში ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად მონაწილეობდნენ აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, სვანეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია და კერძო სექტორის ათამდე კომპანია.
Tourism EXPO Japan-ზე 80-ზე მეტი ქვეყანა და რეგიონი იყო წარმოდგენილი. გამოფენაში 1 300-ზე მეტი ტურისტული კომპანია, ავიაკომპანია და სხვა ორგანიზაცია მონაწილეობდა, ვიზიტორთა რაოდენობამ კი დაახლოებით 180 ათასს გადააჭარბა.