Visual Capitalist-მა ყავის ყველაზე მსხვილი მომხმარებელი ქვეყნების რეიტინგი გამოაქვეყნა, რომელიც 96 ეკონომიკას მოიცავს. 2025/2026 მარკეტინგული წლის მონაცემებით, მსოფლიოში ყველაზე მეტი ყავა აშშ-ში მოიხმარება, რომელზეც გლობალური მოხმარების 14.7% მოდის. მეორე ადგილზე ბრაზილიაა 12.8%-ით. ამ ორი ქვეყნის წილი მსოფლიო ყავის მოხმარების 27.5%-ს შეადგენს.
რეიტინგის მესამე პოზიციას გერმანია იკავებს 6.4%-ით, მეოთხეზე იაპონიაა 3.8%-ით, ხოლო ხუთეულს ფილიპინები ასრულებს, ასევე 3.8%-იანი წილით. ათეულში ჩინეთი, კანადა, საფრანგეთი, ვიეტნამი და ინდონეზიაც შედიან. აღსანიშნავია, რომ მსოფლიოს რვა უმსხვილეს მომხმარებელ ქვეყანაზე გლობალური მოთხოვნის 51.1% მოდის.
რაც შეეხება საქართველოს, ქვეყანა რეიტინგში 96 სახელმწიფოს შორის 78-ე პოზიციაზეა. მონაცემების მიხედვით, საქართველოში წლიურად დაახლოებით 80 ათასი 60-კილოგრამიანი ტომარა ყავა მოიხმარება, რაც დაახლოებით 4.8 ათას ტონას შეადგენს. საქართველოს წილი მსოფლიო მოხმარებაში დაახლოებით 0.05%-ია, თუმცა რეიტინგში დამრგვალების შედეგად 0.0%-ად არის ნაჩვენები.
კვლევა ეფუძნება აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) საგარეო სოფლის მეურნეობის სამსახურისა და ევროპის ყავის ფედერაციის მონაცემებს. მოხმარება დათვლილია 60-კილოგრამიანი ტომრებით, მწვანე ყავის მარცვლის ეკვივალენტში. აღსანიშნავია, რომ რეიტინგი ქვეყნების მთლიან მოხმარებას ასახავს და არა ერთ სულ მოსახლეზე მოხმარებულ ყავას, რის გამოც მოსახლეობით დიდი ქვეყნები უფრო მაღალ პოზიციებს იკავებენ.