კომპანია „თბილისი ენერჯის“ ტექნიკური დირექტორის მოადგილის, გიორგი ლეფსვერიძის განცხადებით, 2026 წლის იანვარ-სექტემბერში გაზის უსაფრთხოების წესების დარღვევა 13 553 ოჯახში გამოვლინდა.

როგორც მან „ბიზნესპარტნიორის“ ეთერში განაცხადა, ეს საკმაოდ დიდი მაჩვენებელია, რადგან თითოეული ასეთი ბინა შესაძლოა, საფრთხის შემცველი იყოს.

„დარღვევების რაოდენობა მკვეთრად შემცირდა. როდესაც 2018-2019 წლებში 80-90 ათასი დარღვევა გვხვდებოდა, არასრულ წელიწადში 13 ათასი აღმოჩნდა. თუმცა, ესეც ბევრია, რადგან ეს არის 13 ათასი საფრთხის შემცველი ბინა. 13 ათას ბინაში თვითნებურად ჰქონდათ დამონტაჟებული გაზსადენი ან ღია წვის კამერიანი დანადგარი კუსტარულად, ნორმების დარღვევით.

გაზით გამოწვეული უბედური შემთხვევები ორ ნაწილად იყოფა - ეს არის ნახშირჟანგით ინტოქსიკაცია და, მეორე მხრივ, ბუნებრივი აირის დაგროვება, გაჟონვა და აფეთქება. ამ 13 ათას შემთხვევაში ჭარბობს ორი ტიპის დარღვევა - თვითნებურად, კუსტარულად, ყველა ნორმის დარღვევით დამონტაჟებული გაზსადენი და ღია წვის კამერიანი დანადგარი, რომელიც დახურულ სივრცეშია განთავსებული. ამან შეიძლება ერთ საათში ან ერთ კვირაში უბედური შემთხვევა გამოიწვიოს.

მინდა, ჩვენს მოსახლეობას მოვუწოდო, პირველ რიგში, ყურადღებით იყვნენ დანადგარების ექსპლუატაციის დროს, მაგრამ ასევე ყურადღება მიაქციონ მათ ტექნიკურ გამართულობას და გათბობის სეზონის დაწყებამდე სპეციალისტებს პროფილაქტიკური შემოწმება ჩაუტარონ. მაგალითად, გამოიძახონ გათბობის ქვაბის, ე.წ. კარმის ხელოსანი და ა.შ. არ დააყენონ თვითნებურად გაზის დანადგარები. გარდა ამისა, თვითნებურად არ მიიყვანონ გაზის ქსელი აღნიშნულ დანადგარებთან“, - განაცხადა გიორგი ლეფსვერიძემ.

ვრცლად: bp.ge