დასავლური დაზვერვის სამსახურები NATO-ს წევრ ქვეყნებს აფრთხილებენ, რომ რუსეთი შესაძლოა კოსმოსში ბირთვული იარაღის განთავსებისთვის ემზადებოდეს. გერმანული გამოცემა Süddeutsche Zeitung-ის, WDR-ისა და NDR-ის ერთობლივი ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, მოსკოვი დედამიწის ორბიტაზე ბირთვული ქობინით აღჭურვილი თანამგზავრის, სახელწოდებით „Sputnik-S“-ის, გაშვებას გეგმავს.
დასავლური დაზვერვისა და სამხედრო უწყებების შეფასებით, გაშვება შესაძლოა უახლოეს კვირებში განხორციელდეს.
გამოძიების ინფორმაციით, თანამგზავრი უკვე კონსტრუირებულია და რამდენიმე წელია მოსკოვის მიმდებარე ტერიტორიაზე ინახება. შესაბამისი სადაზვერვო ინფორმაცია NATO-ს რამდენიმე წევრ ქვეყანას უკვე გაუზიარეს. გერმანიის შეიარაღებულმა ძალებმა და ფედერალურმა სადაზვერვო სამსახურმა (BND) რუსეთის სავარაუდო გეგმების შესახებ ქვეყნის მთავრობის წარმომადგენლები, მათ შორის თავდაცვის მინისტრი ბორის პისტორიუსი, უკვე გააფრთხილეს.
დასავლელი სამხედროების შეფასებით, ორბიტაზე ბირთვული იარაღის განთავსება მნიშვნელოვან საფრთხეს შეუქმნის როგორც სამხედრო, ისე სამოქალაქო ინფრასტრუქტურას. კოსმოსში ბირთვული აფეთქების შედეგად შესაძლოა დედამიწის დაბალ ორბიტაზე არსებული თანამგზავრების დიდი ნაწილი დაზიანდეს ან განადგურდეს.