23 ნოემბერს, სავაჭრო ცენტრ „თბილისი ცენტრალში“ UFC-ს ქართველი მებრძოლის, მერაბ დვალიშვილის სახელობის შერეული ორთაბრძოლების აკადემია (Merab MMA Academy) ოფიციალურად გაიხსნა.

დვალიშვილი პროექტზე დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდა. მოეწყო თანამედროვე სტანდარტების საბრძოლო გალია, საჭიდაო სივრცეები, ტრენაჟორები, ასევე კრივისა და კიკბოქსინგის სავარჯიშო ზონები. სპორტსმენების მომზადებაში MMA-ს, ჯიუ-ჯიცუსა და სხვა საბრძოლო ხელოვნებების მწვრთნელები ჩაერთვებიან.

ქართველი მებრძოლის მთავარი მიზანია, საქართველოში შეიქმნას მაღალი დონის სავარჯიშო ბაზა, სადაც როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი პროფესიონალები შეძლებენ მომზადებას. დვალიშვილი იმედოვნებს, რომ აკადემია მომავალში ჩემპიონების აღზრდას შეუწყობს ხელს.

აკადემიის კარი პროფესიონალი მებრძოლებისთვის ღია იქნება, მიუხედავად იმისა, რომელ სავარჯიშო კლუბს წარმოადგენენ ისინი. აკადემიაში ვარჯიშის მსურველების რეგისტრაცია 30 ნოემბრიდან დაიწყება, ხოლო ვარჯიშს 10 წლიდან მოზარდებიც შეძლებენ.

პირველი არხი