აფხაზეთში ტურისტების რაოდენობამ 2026 წლის ბოლოსთვის შესაძლოა 2 მილიონს მიაღწიოს. ამის შესახებ დე ფაქტო რესპუბლიკის ტურიზმის მინისტრმა ასტამურ ლოგუამ განაცხადა. მისი შეფასებით, ტურისტული ნაკადის ზრდას ხელს უწყობს შემოდგომის სეზონი და საახალწლო არდადეგები. ინფორმაციას „სპუტნიკ-აფხაზია“ ავრცელებს.

ლოგუას ინფორმაციით, მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში აფხაზეთს დაახლოებით 1.8 მილიონი ადამიანი ეწვია, მაშინ როდესაც 2025 წლის განმავლობაში ტურისტების საერთო რაოდენობამ 1.9 მილიონი შეადგინა. მისივე პროგნოზით, წლის დარჩენილ პერიოდში ტურისტული ნაკადი შესაძლოა კიდევ გაიზარდოს და წლიური მაჩვენებელი 2 მილიონს მიუახლოვდეს.

გამოცემის ცნობით, საბჭოთა პერიოდში რეგიონი შავი ზღვის ერთ-ერთი პოპულარული საკურორტო ზონა იყო და სხვადასხვა ისტორიული წყაროს მიხედვით, ყოველწლიურად დაახლოებით 1.5-2 მილიონ დამსვენებელს იღებდა. შესაბამისად, მიმდინარე წლისთვის დასახული მიზანი ტურისტული ნაკადის ისტორიულ მაჩვენებლებთან დაბრუნებას უკავშირდება.