ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ანტონიო კოსტამ ევროკავშირის 2028–2034 წლების მრავალწლიანი ბიუჯეტის განახლებული პროექტი წარადგინა, რომელიც მსხვილი ციფრული კომპანიებისთვის ახალი გადასახადის შემოღებას ითვალისწინებს. ინიციატივის მიხედვით, კომპანიებს, რომელთა გლობალური წლიური ბრუნვა 750 მილიონ ევროს, ხოლო ევროკავშირში ციფრული საქმიანობიდან მიღებული წლიური შემოსავალი 50 მილიონ ევროს აღემატება, კონკრეტული ციფრული მომსახურებიდან მიღებული წმინდა ბრუნვის 3%-ის გადახდა მოუწევთ.

გადასახადი გავრცელდება ონლაინრეკლამიდან, ციფრული პლატფორმებისა და ბაზრების შუამავლობით გაწეული მომსახურებიდან, ასევე მომხმარებელთა მონაცემების მონეტიზაციიდან მიღებულ შემოსავლებზე. ევროპული საბჭოს შეფასებით, ინიციატივის ამოქმედების შემთხვევაში ევროკავშირის ბიუჯეტში ყოველწლიურად დაახლოებით 5 მილიარდი ევროს მობილიზება იქნება შესაძლებელი.

გადასახადის შემოღება ევროკავშირის ბიუჯეტის ახალი შემოსავლების წყაროების შექმნას ემსახურება და მიზნად ისახავს წევრი სახელმწიფოების ეროვნული შენატანების ზრდის შეზღუდვას. ინიციატივა, პირველ რიგში, მსხვილ საერთაშორისო ტექნოლოგიურ კომპანიებს შეეხება, რომელთა მნიშვნელოვანი ნაწილი აშშ-შია დაფუძნებული. ამასთან, პროექტს შესაძლოა ვაშინგტონის წინააღმდეგობა მოჰყვეს, რადგან აშშ-ის ადმინისტრაცია ევროპაში ამერიკული ტექნოლოგიური კომპანიების დაბეგვრის საკითხს კრიტიკულად უყურებს.

აღსანიშნავია, რომ გადასახადი ჯერ მხოლოდ საბიუჯეტო წინადადების ნაწილია და მისი ამოქმედება შეთანხმებას საჭიროებს. ევროპული საბჭოს დოკუმენტის თანახმად, წევრმა სახელმწიფოებმა 2027 წელს ციფრული მომსახურების საერთო დაბეგვრის შესახებ დირექტივაზე მუშაობა უნდა განაახლონ, რათა შეთანხმებას მიაღწიონ. ევროკავშირის 2028–2034 წლების ბიუჯეტისა და საკუთარი შემოსავლების ახალი წყაროების დამტკიცებას წევრი სახელმწიფოების ერთსულოვანი მხარდაჭერა სჭირდება.