easyJet-ის პორტუგალიაში დასაქმებული ბორტგამცილებლები გაფიცვას გეგმავენ, რაც ავიაკომპანიის მგზავრებს ოქტომბერსა და დეკემბერში პრობლემებს შეუქმნის.
Reuters-ის ინფორმაციით, გაფიცვები დაგეგმილია 2-6 ოქტომბერს და 19-23 დეკემბერს. პირველი გაფიცვა ლისაბონის, პორტუსა და ფარუს აეროპორტებში easyJet-ის დაახლოებით 500 რეისს შეიძლება შეეხოს, თუმცა საბოლოო გავლენა შესაძლოა განსხვავებული იყოს მინიმალური მომსახურების მოთხოვნების გამო.
მეორე გაფიცვა განსაკუთრებით საყურადღებოა, რადგან შობის წინა პერიოდს ემთხვევა, როდესაც ავიაკომპანიების რეისები, როგორც წესი, უფრო დატვირთულია.
ბორტგამცილებლების პროფკავშირი უკმაყოფილებას გამოთქვამს სამუშაო გრაფიკის ხშირი ცვლილების, პერსონალის ნაკლებობისა და ამის გამო ზეგანაკვეთური მუშაობის საჭიროების გამო. პროფკავშირის განცხადებით, კომპანიასთან მოლაპარაკებებით პრობლემების მოგვარება ვერ მოხერხდა.
easyJet-ი გაფიცვის გეგმას „იმედგამაცრუებელს“ უწოდებს და აცხადებს, რომ პროფკავშირის მოთხოვნები ამ ეტაპზე არარეალისტურია. ავიაკომპანიის ხელმძღვანელობა აღნიშნავს, რომ პორტუგალიაში მისი ბორტგამცილებლები, ეროვნულ დონეზე, საშუალო ხელფასზე მნიშვნელოვნად მეტს იღებენ.
მხარეებს შორის მოლაპარაკებები პორტუგალიის შრომის უწყების შუამავლობით გრძელდება.
ამასთან, საფრანგეთში easyJet-ის პილოტების 24-25 სექტემბრისთვის დაგეგმილი გაფიცვა გადაიდო. ახალი შესაძლო თარიღებია 1-2 ოქტომბერი, თუ მხარეები შეთანხმებას ვერ მიაღწევენ.