აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და რუსეთს შორის მიღწეული შეთანხმება, რომლის მიხედვითაც რუსეთმა დიზელის საწვავი აშშ-ისა და მსოფლიო ბაზრებს უნდა მიაწოდოს, ფასების მნიშვნელოვნად შემცირებას, სავარაუდოდ, ვერ გამოიწვევს. ამის შესახებ ბაზრის დამკვირვებლები და ანალიტიკოსები აცხადებენ და განმარტავენ, რომ დაპირებული მოცულობები გლობალური მიწოდების დეფიციტის შესამსუბუქებლად საკმარისი არ არის.
დიზელის ფასებმა რეკორდულ ნიშნულს აშშ-ისა და ისრაელის ირანთან ომის ფონზე მიაღწია. ეს ტრამპისა და მისი რესპუბლიკური პარტიისთვის პოლიტიკურ პრობლემად იქცა, რადგან ისინი 3 ნოემბრის შუალედურ არჩევნებში აშშ-ის კონგრესში მცირე უმრავლესობის შენარჩუნებისთვის იბრძვიან. ტრამპის გადაწყვეტილების კრიტიკოსების შეფასებით, რუსულ დიზელზე სანქციების მოხსნამ შესაძლოა მოსკოვს უკრაინაზე შემდგომი თავდასხმების დაფინანსებაში შეუწყოს ხელი, მაშინ როდესაც მომხმარებლები საწვავის მაღალი ფასებისგან მნიშვნელოვან შეღავათს ვერ მიიღებენ.
ტრამპის განცხადებით, რუსეთი დაუყოვნებლივ გაიტანს ექსპორტზე 300 000 ტონა დიზელს, რაც 2.25 მილიონ ბარელს შეადგენს. ამას ნოემბერში კიდევ 500 000 ტონა, შემდეგ კი - დამატებით 1 მილიონი ტონა უნდა მოჰყვეს. თუმცა, ანალიტიკოსები ეჭვობენ, რომ რუსეთი მოკლე ვადაში შეძლებს ამ მოცულობების უზრუნველსაყოფად საჭირო დამატებითი საწვავის წარმოებას. მიწოდებას შესაძლოა ხელი შეუშალოს გლობალურ ბაზარზე ტანკერების შეზღუდულმა ხელმისაწვდომობამაც.
ანალიტიკური კომპანია Kpler-ის წარმომადგენლის, მიშელ ბრუჰარდის შეფასებით, დიზელის ფასებზე მნიშვნელოვანი გავლენის მოსახდენად ბაზარს დღეში დამატებით 400 000 ბარელი საწვავი სჭირდება. რუსეთის მიერ დაპირებული პირველი, დაახლოებით 2.2 მილიონი ბარელის მოცულობის პარტია, ერთი თვის განმავლობაში განაწილების შემთხვევაში, დღიურ მიწოდებას მხოლოდ დაახლოებით 73 000 ბარელით გაზრდის. საკონსულტაციო კომპანია Baringa-ს წამყვანი ეკონომისტის, კასპიან კონრანის შეფასებით კი, ფასების დაუყოვნებლივ შესარბილებლად ბაზარს დღეში დამატებით 850 000 ბარელი დიზელი დასჭირდება.