Time Out-მა მსოფლიოში ყველაზე დაუფასებელი ტურისტული მიმართულებების განახლებული სია გამოაქვეყნა. ტოპ სიაში შედის ადგილები, რომლებიც ჯერ კიდევ არ არის ფართოდ პოპულარული მოგზაურებში, თუმცა ისინი შთამბეჭდავი ბუნებით, ისტორიული ადგილებითა და საინტერესო ადგილობრივი კულტურით გამოირჩევიან.
რეიტინგის შედგენისას Time Out-ის რედაქცია თავისი ჟურნალისტების გამოცდილებას დაეყრდნო, რომლებმაც პირადად მოინახულეს ყველა წარმოდგენილი ადგილი.
პირველი ადგილი რუმინეთის ბუკოვინას ერგო, ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე რეგიონს, რომელიც ცნობილია მთიანი ლანდშაფტებით, უძველესი ტყეებითა და მონასტრებით, რომელთაგან რვა იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლია. ეს ასევე რუმინეთში გამავალი 1400 კმ სიგრძის საფეხმავლო მარშრუტის, Via Transilvanica–ს საწყისი წერტილია.
მეორე ადგილზეა სამხრეთ დაკოტა აშშ-ში. აქ ღირს ჩასვლა მისი ეროვნული პარკების, ველური ბიზონების და ცნობილი რაშმორის მთის სანახავად, სადაც აშშ-ის ოთხი პრეზიდენტის 18 მეტრი სიგრძის სკულპტურული პორტრეტებია გამოკვეთილი.
მესამე ადგილზე ესპანეთის ასტურიის რეგიონია. მიუხედავად იმისა, რომ რეგიონი დიდი ხანია ცნობილია თავისი პლაჟებითა და მთებით, რედაქტორების აზრით, მისი ქალაქები მეტ ყურადღებას იმსახურებენ.
მე–14 ადგილზეა საქართველოს სამხედრო გზა, რომლის შესახებაც Time Out–ი წერს, რომ საქართველო ამჟამად განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს. თბილისის თავისებური ხიბლიდან დაწყებული, ტოსკანის მსგავსი კახეთით დამთავრებული — ეს ქვეყანა ნამდვილად იმ ადგილთა სიაში ხვდება, რომელთა მონახულებაც აუცილებელია. თუმცა, ბევრი მოგზაური თავის მარშრუტში ერთ მნიშვნელოვან ადგილს უშვებს მხედველობიდან: საქართველოს სამხედრო გზას. ეს 210-კილომეტრიანი მონაკვეთი საქართველოს რუსეთთან აკავშირებს; გზის ყველაზე შთამბეჭდავი ნაწილი თბილისიდან ყაზბეგისკენ მიემართება და კავკასიონის მთების თვალწარმტაც ხედებს გვთავაზობს. გზად მრავალი უჩვეულო და საინტერესო ადგილია, მათ შორის — „მანქანების სასაფლაო“ ფასანაურში, სადაც საბჭოთა ეპოქის მიტოვებული ავტომობილებია თავმოყრილი, და სნოს „ქვის თავები“ — ქანდაკებების გალერეა ღია ცის ქვეშ.
Time Out-ის რჩევა: იმისათვის, რომ საქართველოს სამხედრო გზით მაქსიმალური შთაბეჭდილება მიიღოთ, დაიქირავეთ პირადი მძღოლი, რომელიც სხვადასხვა ღირსშესანიშნაობასთან გაჩერების საშუალებას მოგცემთ. ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ საზოგადოებრივი ტრანსპორტი (მიკროავტობუსი), მაგრამ ის პირდაპირ A წერტილიდან B წერტილამდე მოძრაობს.
Time Out-ის ვერსიით მსოფლიოში 10 ყველაზე დაუფასებელი ტურისტული მიმართულება:
ბუკოვინა, რუმინეთი
სამხრეთ დაკოტა, აშშ
ასტურია, ესპანეთი
ოსას ნახევარკუნძული, კოსტა რიკა
სან მარტინი, პერუ
ზამბუხეირა დუ მარ, პორტუგალია
ბისბი, არიზონა, აშშ
შენჟენი, ჩინეთი
კარი-ლე-რუე, საფრანგეთი
ტიოგას უღელტეხილი, კალიფორნია, აშშ