თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო, 45 000 აღსაზრდელისთვის, საახალწლო სასაჩუქრე ნაკრებებს 649 350 ლარად შეისყიდის. ნაკრებების დამზადებას წელს „კარფური“ უზრუნველყოფს. საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს მიერ გამოცხადებულ ტენდერში სწორედ აღნიშნულმა კომპანიამ გაიმარჯვა.
როგორც სატენდერო დოკუმენტიდან ირკვევა, შესყიდვა განხორციელდება შპს „მაჯიდ ალ ფუტაიმ ჰიპერმარკეტს ჯორჯიასთან“, რომელიც საქართველოში ფლობს და მართავს საცალო ვაჭრობის ქსელ „კარფურს“.
„საახალწლო სასაჩუქრე ნაკრები (ტკბილეული) გათვალისწინებულია ქალაქ თბილისის 191 საბავშვო ბაგა-ბაღის თითოეული აღსაზრდელისთვის - სულ 45000 ცალი, საახალწლო საჩუქრად, რომელიც აღსაზრდელებს ყოველწლიურად გადაეცემათ საახალწლო ზეიმის დროს. საახალწლო სასაჩუქრე ნაკრების (ტკბილეული) შესყიდვაზე 2026 წლის 18 აგვისტოს გამოცხადებული ელექტრონული ტენდერი 2026 წლის 6 ოქტომბერს დასრულდა უარყოფითი შედეგით. სწორედ ამიტომ დადგა გადაუდებელი აუცილებლობის ვითარება.
შიდა ბაზარზე შექმნილი ახალი გარემოებების გათვალისწინებით, დაზუსტდა შესყიდვის ობიექტის ტექნიკური მახასიათებლები და 7 ოქტომბერს გამოცხადდა ბაზრის კვლევა. წინადადებების მიღების დასრულების ვადაში დაფიქსირდა ერთი კომპანიის - შპს „მაჯიდ ალ ფუტაიმ ჰიპერმარკეტს ჯორჯიას“ შემოთავაზება, ღირებულებით 649 350 ლარი.
ბაზრის კვლევის მოთხოვნათა გათვალისწინებით, წინადადებების მიღების დასრულების დღესვე, კომპანიას 1 სამუშაო დღის ვადაში მოეთხოვა შესყიდვის ობიექტის ნიმუშების წარმოდგენა, რომელიც მათ მიერ მოწოდებულ იქნა 2026 წლის 13 ოქტომბერს. შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ ნიმუშები განხილულ იქნა 2026 წლის 15 ოქტომბერს და დადასტურდა მათი შესაბამისობა განსაზღვრულ მოთხოვნებთან“,- ნათქვამია სატენდერო დოკუმენტაციაში.