მეცნიერთა საერთაშორისო ჯგუფმა 17 გლობალური საფრთხე გამოავლინა, რომლებმაც შესაძლოა 2100 წლამდე ადამიანის ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს. კვლევის შედეგები სამეცნიერო ჟურნალმა The Lancet-მა გამოაქვეყნა.

მკვლევრებმა პოტენციური საფრთხეების ფართო სპექტრი შეისწავლეს — ქრონიკული დაავადებებითა და სოციალური უთანასწორობით დაწყებული, ბირთვული ომითა და ხელოვნური ინტელექტის ბოროტად გამოყენებით დამთავრებული. კვლევის მიზანი იყო იმის შეფასება, თუ რამდენი ზიანის თავიდან აცილებაა შესაძლებელი 2025-2100 წლებში.

მეცნიერებმა გააანალიზეს არა მხოლოდ სიკვდილიანობის რისკები, არამედ ის წლებიც, რომელთა განმავლობაში ადამიანებს ჯანმრთელად ცხოვრება შეეძლებოდათ, საფრთხეების ზემოქმედება რომ არა.

კვლევის თანახმად, ყველაზე დიდი პოტენციური ზიანის წყარო სიმსუქნე და ფიზიკური აქტივობის ნაკლებობაა. ამ პრობლემებთან ეფექტიან ბრძოლას, შეფასებით, კაცობრიობისთვის 23,1 მილიარდი ჯანსაღი სიცოცხლის წლის შენარჩუნება შეუძლია. მკვლევრები ამ მასშტაბს COVID-19-ის 46 პანდემიის შედეგების ეკვივალენტად აფასებენ.

საფრთხეების ჩამონათვალში შემდეგ ადგილებს განათლების დაბალი დონე იკავებს, რომლის აღმოფხვრამ შესაძლოა 16,1 მილიარდი ჯანსაღი სიცოცხლის წელი შეინარჩუნოს. მას მოსდევს შემოსავლების უთანასწორობა - 13,8 მილიარდი წელი, ხელოვნური ინტელექტის ბოროტად გამოყენება - 10,4 მილიარდი წელი და ბირთვული ომი - 9,35 მილიარდი წელი.

კვლევის შეფასებით, 2025-დან 2100 წლამდე დაავადებები და ტრავმები მსოფლიოში ჯამურად 246 მილიარდი ჯანსაღი სიცოცხლის წლის დაკარგვას გამოიწვევს.

მეცნიერები ხაზს უსვამენ ჯანდაცვის ისეთი სისტემების შექმნისა და დაფინანსების აუცილებლობას, რომლებიც სხვადასხვა ტიპის საფრთხეებზე რეაგირებისთვის მზად იქნებიან. ამასთან, ისინი მოუწოდებენ ქვეყნებს, გაზარდონ ინვესტიციები მედიცინასა და ტექნოლოგიებში მნიშვნელოვანი გარღვევების მისაღწევად და უზრუნველყონ გლობალური რისკების მუდმივი მონიტორინგი.