ვენეციის კომისიის შეფასებით, საქართველოში 2025 წლის ოქტომბერსა და 2026 წლის მარტში მიღებული საკანონმდებლო ცვლილებები მოქალაქეთა ფუნდამენტურ უფლებებსა და პოლიტიკურ თავისუფლებებს არაპროპორციულად ზღუდავს და პოლიტიკური ოპოზიციის ჩამოყალიბებასა და არსებობას აფერხებს. კომისია მიიჩნევს, რომ კანონმდებლობა ვერ ემსახურება გაცხადებულ მიზნებს - დაიცვას ქვეყნის სუვერენიტეტი და კონსტიტუციური წყობილება უცხოური გავლენისა და გარე ჩარევისგან.

ევროპის საბჭოს საკონსულტაციო ორგანომ - ვენეციის კომისიამ ორი დასკვნა გამოაქვეყნა: ერთი ეხება 2026 წლის 4 მარტს „გრანტების შესახებ“ კანონში, „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ ორგანულ კანონში, სისხლის სამართლის კოდექსსა და დაკავშირებულ კანონმდებლობაში შეტანილ ცვლილებებს; მეორე კი — 2025 წლის 16 ოქტომბრის ცვლილებებს, რომლებიც აკრძალულ პოლიტიკურ პარტიებთან დაკავშირებულ პირებს პოლიტიკურ საქმიანობას უზღუდავს.

ვენეციის კომისია გრანტებთან დაკავშირებული დარღვევებისთვის სისხლისსამართლებრივი სანქციების გადახედვას მოითხოვს. მისი რეკომენდაციით, „გრანტების შესახებ“ კანონით გათვალისწინებული პროცედურებისა და ვალდებულებების დარღვევა, მათ შორის, „საქართველოსთან დაკავშირებულ პოლიტიკურ საკითხებთან“, უცხოური იურიდიული პირების საქმიანობასა და გრანტის რეჟიმის გვერდის ავლის მიზნით განხორციელებულ გარიგებებთან დაკავშირებული ქმედებები, მხოლოდ ადმინისტრაციული წესით უნდა რეგულირდებოდეს.

თუ ხელისუფლება სისხლისსამართლებრივი სანქციების შენარჩუნებას გადაწყვეტს, პასუხისმგებლობა მხოლოდ მკაცრად აუცილებელ და პროპორციულ შემთხვევებზე უნდა გავრცელდეს. ამასთან, კომისია აღნიშნავს, რომ კანონმდებლობაში გამოყენებული ისეთი ცნებები, როგორიცაა „გრანტი“, „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“ და „სახელმწიფოს ინტერესებისთვის ზიანის მიყენება“, ზედმეტად ფართო და ბუნდოვანია, რაც ხელისუფლებას გადაჭარბებულ დისკრეციას ანიჭებს.

კომისია აკრძალულ პოლიტიკურ პარტიებთან დაკავშირებული პირებისთვის დაწესებულ შეზღუდვებსაც არაპროპორციულად მიიჩნევს. 2025 წლის ოქტომბრის ცვლილებებით, ასეთ პირებს შეეზღუდათ პოლიტიკური პარტიების დაფუძნების, მათში გაწევრიანებისა და ხელმძღვანელობის, არჩევნებში კანდიდატად მონაწილეობის, მანდატების შენარჩუნებისა და საჯარო თანამდებობების დაკავების შესაძლებლობა.

ვენეციის კომისიის შეფასებით, არ არსებობს მტკიცებულება, რომ ამ ცვლილებების მიღება აუცილებელი იყო. ამასთან, ცნება „აკრძალულ პოლიტიკურ პარტიასთან დაკავშირებული პირი“ ზედმეტად ფართოდ არის განსაზღვრული და შეზღუდვები შეიძლება დაწესდეს ადამიანის კონკრეტული ქცევისა და პასუხისმგებლობის ინდივიდუალური შეფასების გარეშე. კომისია ასევე მიუთითებს, რომ შეზღუდვებს არ აქვს მკაფიო დროითი ჩარჩო და არ არსებობს მათი ეფექტიანი გადახედვის მექანიზმები.

კომისიის განცხადებით, ორივე საკანონმდებლო პაკეტის ერთობლივი გავლენა საფრთხეს უქმნის დემოკრატიულ პლურალიზმს, გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლებებს. კანდიდატების მოხსნამ ან მანდატების შეწყვეტამ შესაძლოა საარჩევნო კონკურენცია და ამომრჩეველთა არჩევანის თავისუფლება დააზიანოს.

ვენეციის კომისია საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, კანონშემოქმედებითი პროცესი უფრო ინკლუზიური გახადოს და გადაწყვეტილებების მიღებაში ყველა შესაბამისი მხარის მონაწილეობა უზრუნველყოს. კომისია წუხილს გამოთქვამს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ დასკვნების მომზადების პროცესში მასთან თანამშრომლობა არ ისურვა, თუმცა აცხადებს, რომ დიალოგისთვის კვლავ ღიაა.