2026 წლის სექტემბრის მონაცემებით, ChatGPT-მა ხელოვნური ინტელექტის ჩატბოტების ვებგვერდების გლობალური ვიზიტების 56.4% მოიპოვა და ბაზარზე ლიდერის პოზიცია შეინარჩუნა. მეორე ადგილზე Google-ის Gemini გავიდა, 25%-იანი წილით, ხოლო მესამე პოზიცია Anthropic-ის Claude-მა დაიკავა - 9.6%-ით. ამის შესახებ Visual Capitalist-ი Similarweb-ის მონაცემებზე დაყრდნობით წერს.

გამოცემის ინფორმაციით, სექტემბერში ChatGPT-ის ვებგვერდმა დაახლოებით 5.9 მილიარდი ვიზიტი მიიღო, Gemini-ის ვებგვერდმა - 2.6 მილიარდი, ხოლო Claude-ის - დაახლოებით 1 მილიარდი ჰქონდა.

2026 წლის სექტემბერში AI ჩატბოტების რეიტინგი ვიზიტების რაოდენობის მიხედვით შემდეგი იყო:

  • ChatGPT (OpenAI) — 5.899 მილიარდი ვიზიტი; 56.4%.

  • Gemini (Google) — 2.615 მილიარდი; 25%.

  • Claude (Anthropic) — 1.004 მილიარდი; 9.6%.

  • DeepSeek — 356 მილიონი; 3.4%.

  • Grok (xAI) — 241 მილიონი; 2.3%.

  • Copilot (Microsoft) — 157 მილიონი; 1.5%.

  • Perplexity — 94 მილიონი; 0.9%.

სხვა პლატფორმებზე ჯამურად ვიზიტების 0.9% მოდიოდა.

კვლევის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიგნება Claude-ის სწრაფი ზრდაა. 2025 წლის ოქტომბრიდან 2026 წლის სექტემბრამდე მისი წილი 2.3%-დან 9.6%-მდე გაიზარდა, რის შედეგადაც ჩატბოტმა რეიტინგში მეხუთე ადგილიდან მესამეზე გადაინაცვლა.

ამავე პერიოდში Gemini-მაც გაიმყარა პოზიციები. შედეგად, ChatGPT-ის ორი მთავარი კონკურენტი, Gemini და Claude, სექტემბერში ჩატბოტების ვებგვერდების გლობალური ვიზიტების ერთ მესამედზე მეტს შეადგენდა.