OpenAI ჩქარობს, ინვესტორებისგან თანხმობა მიიღოს მანამ, სანამ ნოემბრის შუა რიცხვებში ბაზარზე მისი კონკურენტი Anthropic გამოჩნდება. ეს უჩვეულოდ სწრაფი სახსრების მოზიდვის პროცესია, რომლის შედეგადაც ChatGPT-ის შემქმნელი კომპანიის ღირებულებამ შესაძლოა 1,4 ტრილიონ დოლარს გადააჭარბოს – ინფორმაციას Reuters საკითხის მცოდნე ორ პირზე დაყრდნობით ავრცელებს.
სწრაფი ვადები, ნაწილობრივ, Anthropic-ისთვის წინსწრების სურვილით აიხსნება, რადგან ხელოვნური ინტელექტის სფეროში მოღვაწე ეს ორი წამყვანი კომპანია სულ უფრო ხშირად მიმართავს ინვესტორთა ერთსა და იმავე წრეს — აცხადებენ ინფორმირებული პირები. მათივე თქმით, OpenAI ცდილობს, ახალი მოდელების გამოშვების შემდეგ მიღებული შემოსავლების ზრდა თავის სასარგებლოდ გამოიყენოს. ერთ-ერთი წყაროს ცნობით, SoftBank Group-ი, აბუ-დაბიში დაფუძნებული MGX-ი და OpenAI-ის სხვა არსებული ინვესტორები მოლაპარაკებებს აწარმოებენ, რათა მონაწილეობა მიიღონ დაახლოებით 30 მილიარდი დოლარის მოცულობის საინვესტიციო რაუნდში.