2026 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში რუსეთის მოქალაქეების 1.31 მილიონი ვიზიტი განხორციელდა, რაც წლიურად 4.9%-ით მეტია. რუსეთის მოქალაქეებზე საერთაშორისო ვიზიტების დაახლოებით 21.4% მოდიოდა. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, ამ პერიოდში მათ საქართველოში 641.3 მლნ დოლარი დახარჯეს, ერთ ვიზიტზე საშუალო დანახარჯმა კი 491 დოლარი შეადგინა.

ამავე პერიოდში ევროკავშირის ქვეყნებიდან და გაერთიანებული სამეფოდან საქართველოში 473 620 ვიზიტი განხორციელდა, რაც წლიურად 20.1%-იანი ზრდაა. ამ ვიზიტორების დანახარჯებმა 665.3 მლნ დოლარი შეადგინა. ერთ ვიზიტზე საშუალო დანახარჯი 1 405 დოლარი იყო, რაც რუსეთის მოქალაქეების მაჩვენებელს თითქმის 3-ჯერ აღემატება.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, 2026 წლის პირველ ცხრა თვეში საქართველოში საერთაშორისო მოგზაურების 6.11 მილიონი ვიზიტი განხორციელდა, წლიურად 0.04%-ით მეტი. ამასთან, ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ რეკორდულ 4.4 მილიონს მიაღწია, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2.3%-იანი ზრდაა.