როგორც გამოცემა The Wall Street Journal ამერიკელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით წერს, აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თანაშემწეებს უთხრა, რომ ნოემბრის შუალედური არჩევნების შემდეგ ირანის წინააღმდეგ იერიშების განახლებას მოლოდინშია.

გამოცემის ცნობით, ტრამპს ეჭვი ეპარება, რომ ირანი აშშ-ს მოთხოვნებს შეასრულებს და ქვეყნის ბირთვული პროგრამის დემონტაჟს დათანხმდება. თუმცა, მისი პოზიცია შესაძლოა, მომდევნო კვირებში მიმდინარე მოლაპარაკებებისა და არჩევნების შედეგების მიხედვით შეიცვალოს.

უცნობია, რა მასშტაბის იერიშებს განიხილავს ტრამპი. WSJ-ს წყაროების თქმით, ტრამპს ფართომასშტაბიანი საბრძოლო მოქმედებების განახლება არ სურს, მათ შორის, იმიტომ, რომ აშშ სხვა შესაძლო კრიზისებისთვის შეიარაღების მარაგების შენარჩუნებას ცდილობს.

პარალელურად, პრეზიდენტმა ტრამპმა ირანის მიერ წარდგენილი შვიდდღიანი ცეცხლის შეწყვეტის წინადადება უარყო.

"მათ წინადადება წარმოადგინეს და მე უარი ვუთხარი." – განუცხადა ტრამპმა Axios-ს.

მანამდე ირანის რეჟიმმა აშშ-ს ჰორმუზის სრუტის გახსნა და ბირთვული მოლაპარაკებების ერთ კვირაში განახლება შესთავაზა, თუ ვაშინგტონი საზღვაო ბლოკადას მოხსნიდა, ირანული ნავთობის გაყიდვასთან დაკავშირებულ სანქციებს გააუქმებდა და რეგიონში ცეცხლის შეწყვეტას აღადგენდა.

ირანის პირობები ამერიკულ მხარეს ამ კვირაში ნიუ-იორკში გამართული არაპირდაპირი მოლაპარაკებების დროს გადაეცა. თეთრ სახლს ტრამპის სპეციალური წარმომადგენლები, სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი, წარმოადგენდნენ, ირანულ მხარეს კი – საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი. მხარეებს შორის შუამავალი კი კატარი იყო.

Axios-ის წყაროს ცნობით, ამერიკელმა მაღალჩინოსნებმა ირანულ მხარეს უთხრეს, რომ თეირანი ჰორმუზის სრუტეს არ აკონტროლებს და მის შესახებ პირობების წამოყენება არ შეუძლია. ვაშინგტონი ასევე მოითხოვს, რომ ირანი ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით დათმობებს დათანხმდეს.

ტრამპის უარის მიუხედავად, აშშ-ს ოფიციალური პირის თქმით, შუამავლების დახმარებით მხარეებს შორის "პოზიტიური და კონსტრუქციული" დისკუსიები კვლავ გრძელდება და პროცესი ბირთვულ საკითხებსაც მოიცავს.