პაპმა ლეო XIV-მ, იუნესკოს შტაბ-ბინაში ვიზიტისას, ხელოვნური ინტელექტის საფრთხეებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ახალი ტექნოლოგიები „ადამიანის სამსახურში უნდა დარჩეს“ და „დომინაციისა და უსამართლობის კიდევ ერთ ინსტრუმენტად“ არ უნდა იქცეს.

ლეო XIV საფრანგეთში ოთხდღიანი ვიზიტით იმყოფება.

ფრანგულ და ინგლისურ ენებზე გამოსვლისას პონტიფიკოსმა აღნიშნა, რომ ხელოვნური ინტელექტი შესაძლოა ადამიანურ „იდეებსა და ურთიერთობებს“ „ადამიანის გაუცხოების პროცესის“ გზით გააღარიბოს. მან ასევე გააკრიტიკა თანამედროვე საზოგადოებაში ადამიანების პროდუქტიულობისა და ეფექტიანობის მიხედვით შეფასების მზარდი ტენდენცია. მისი თქმით, ადამიანების მხოლოდ „ეფექტიანობის კრიტერიუმით“ შეფასება ადამიანის ღირსების პატივისცემას აზიანებს და იწვევს იმას, რომ „ისინი, ვინც აღარ ითვლებიან პროდუქტიულად“, საზოგადოებამ გარიყოს და მათზე უარი თქვას.

ხელოვნური ინტელექტის საკითხი ლეო XIV-ის პონტიფიკატის ერთ-ერთ მთავარ თემად იქცა. მაისში მან პირველი ენციკლიკა გამოაქვეყნა, სახელწოდებით „Magnifica humanitas“, რომელშიც ხელოვნური ინტელექტის უკონტროლო განვითარების რისკებზე ისაუბრა და რეგულირების გაძლიერების აუცილებლობას გაუსვა ხაზი.

პაპმა ასევე აღნიშნა, რომ აუცილებელია ახალი ტექნოლოგიები ბავშვების დასაცავად საკმარისი მექანიზმებით იყოს აღჭურვილი და განაცხადა, რომ ახალგაზრდების „მოწყვლადობა“ არასდროს უნდა იქცეს მათი ექსპლუატაციის მიზეზად.

იუნესკოში გამოსვლისას ლეო XIV შეეხო ომის საკითხსაც და ორგანიზაციის დევიზი გაიხსენა: „ვინაიდან ომები ქალებისა და კაცების გონებაში იწყება, მშვიდობის დაცვის ბარიერებიც სწორედ ქალებისა და კაცების გონებაში უნდა აშენდეს“.

პაპმა განაცხადა, რომ კაცობრიობამ უკვე დაინახა, როგორ შეიძლება მეცნიერული პროგრესი, როდესაც ის სიბრძნეს სცილდება, „განადგურების იარაღად“ იქცეს.

მან ასევე ისაუბრა საერთაშორისო ინსტიტუტების მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ მათ შეუძლიათ ისეთი პრობლემების გადაჭრა, რომელთა მოგვარებაც ცალკეულ სახელმწიფოებს დამოუკიდებლად არ შეუძლიათ. ამასთან, ლეო XIV-მ საერთაშორისო თანამშრომლობის მიმართ „მეტი ნდობის“ საჭიროებას გაუსვა ხაზი.

პაპის ვიზიტი საფრანგეთში მიმდინარე საერთაშორისო დაძაბულობის ფონზე მიმდინარეობს. მათ შორის, 2025 წლის ივლისში დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ იუნესკოდან აშშ-ის გასვლის გადაწყვეტილება გამოაცხადა. გადაწყვეტილება ძალაში 2026 წლის დეკემბერში უნდა შევიდეს.

წყარო: euronews.com